ფროიდის ფსიქოანალიზის მხოლოდ სექსთან დაკავშირება არის მისი ვერგაგება - ლექცია ქუთაისში
„ყურმოკრული ცოდნა არის სრულიად ყალბი, არა თუ რაიმე საკითხის ზედაპირული ასახვაა, საერთოდ არანაირი ასახვა არ არის", - ითქვა ლექციაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა.
თბილისის მწერალთა და ქუთაისის ჩაის სახლმა დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებში თვეში ერთხელ "ფოე-ფოე"-ში მოეწყობა საჯარო ლექციები ლიტერატურის კრიტიკოსების, ფილოსოფოსების და სხვათა მიერ.
აღნიშნული
პროექტის ფარგლებში პირველი ლექცია ფილოსოფოსმა გიგა ზედანიამ გამართა.მან
ლიტერატურაზე, ფროიდსა და ფსიქოანალიზზე ისაუბრა. ისაუბრა მათ ურთიერთგავლენებზე,
ასევე ცოდნასა და ზედაპირულ ცოდნაზე, უფრო
ზუსტად არცოდნისა და ნახევარცოდნის სრულ იდენტობაზე. „ თუ არ შემისწავლია
ვთქვათ რომელიმე მნიშვნელოვანი ავტორის ტექსტები დარწმუნებული შეიძლება იყოთ მასზე
მოსმენილი ერთი ლექცია და ვიკიპედიაში აღებული ინფორმაცია სრულიად ყალბ წარმოდგენებს
შეგვიქმნის", - აღინიშნა შეხვედრაზე.
ფილოსოფოსმა ხაზი გაუსვა ტექსტების ორიგინალი ენის მომენტს,
რომელიც დიდ მნიშვნელობას იძენს დიდი ავტორების ნააზრევის გაგებაში. „მაგალითად, არისტოტელე შეუძლებელია გაიგო თუ არ
ისწავლე ძველბერძნული. ფროიდთანაც ასეა. მთარგმნელმა შეიძლება ვერ დაიჭიროს შესაბამისი
სიტყვა", - აღნიშნა გიგა ზედანიამ.
შესაბამისი,
უფრო ზუსტად ყველაზე პოპულარული სიტყვა,
რომელიც ფროიდს უკავშირდება, არის სექსი - ფროიდი ამბობდა, რომ მთავარია სექსი.
თუმცა „უკვე აქ არის
დიდი შეცდომა და ფროიდის აბსოლუტური ვერგაგება, ფროიდი სექსუალობას სულ სხვა რამეს
უწოდებს", - აღნიშნა გიგა ზედანიამ.
ფილოსოფოსი ფროიდის ორ მთავარ აღმოჩენას შეეხო. რომელთა
გაგების გარეშეც ყველაფერი დანარჩენის გაგება შეუძლებელია, აღნიშნა მან. „პირველი უკავშირდება იმ ფენომენებს რომლებიც ჩვენ გვგონია რომ უაზროა, მაგრამ სინამდვილეში
მათ აქვთ საზრისი. მაგალითად, ნებისმიერი ჟესტი საზრისს ატარებს და გააჩნია რაღაც მიზეზი...
მეორე აღმოჩენაა არაცნობიერი, რომელიც ჩვენი
ცნობიერების მიღმაა და ჩვენს საუბარში ერთვება. ერთი შეხედვით უაზრო მოვლენებს აქვთ
საზრისი და ამ საზრისის წყაროა არაცნობიერი “, - მიუთითა ზედანიამ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ფსიქოანალიზი თავიდანვე ძალიან მჭიდრო კავშირში იყო
ლიტერატურასთან. ფროიდი და მისი მოწაფეები იშველიებდნენ ლიტერატურას და ცნობილ პერსონაჟებს,
რომლითაც ახსნიდნენ თავიანთ სათქმელს. "პერსონაჟს
ვიღებთ და ვაკვირდებით თუ მის მოტივაციაში რა არაცნობიერი ძალებია ჩართული", - აღნიშნა
ზედანიამ.
გიგა ზედანიამ ჰერმან მელვილის „მობი დიკის" მაგალითზე
განახორციელბა პერსონაჟის ფსიქოანალიზი.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი