|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუშიდან დარღვევა 168 ნიმუშში აღმოჩნდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუშიდან დარღვევა 168 ნიმუშში აღმოჩნდა  - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

 უწყების ცნობით, ნედლი რძის 63 ნიმუშიდან ბრუცელოზი 3 შემთხვევაში გამოვლინდა. 

„სააგენტოს ინსპექტორებმა მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მაჩვენებელზე საკვლევად, სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუში/სინჯი აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.

კვლევის შედეგად, დარღვევა 168 ნიმუშში აღმოჩნდა, რაც საერთო მაჩვენებლის მხოლოდ 10%-ია. გამოვლენილ შეუსაბამობებზე გატარდა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ან/და დაევალათ სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზრიდან გამოთხოვა, დასაწყობება და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.

ნედლი რძის 63 ნიმუშიდან ბრუცელოზი გამოვლინდა 3 შემთხვევაში; რძისა და რძის ნაწარმის 90-ზე მეტი ნიმუშიდან მცენარეული ცხიმის შემცველობა ყველის სამ ნიმუშში აღმოჩნდა;

ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილი ალერგენების შესახებ ეტიკეტზე ინფორმაციის არასრულყოფილად დატანისთვის ალკოჰოლური სასმელების ორი მწარმოებელი დაჯარიმდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დარღვევები არ დაფიქსირდა ტყვიაზე, GMO-ზე, ტრანსცხიმებზე, კალციუმის შემცველობაზე, ჰისტამინზე, ლისტერიასა და პესტიციდების ნარჩენებზე სურსათის კვლევისას, აგრეთვე, სახეობრივი კვლევისას არ გამოვლენილა ვირისა და ცხენის ხორცი.

მიმდინარე წელს უკვე აღებულია სურსათისა და სასმელი წყლის 3000 ნიმუში/სინჯი, წლის ბოლომდე 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღებაა დაგეგმილი“, -აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

 

ავტორი: