ქუთაისის N36 სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის მხარდამჭერები მინისტრს მიმართავენ
ქუთაისის N36 სკოლის ყოფილი პედაგოგის ნატალია თურქაძის მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდება. მოქალაქეები ნატალია თურქაძის სკოლიდან გაშვებას უსამართლოდ მიიჩნევენ და პეტიციით განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს მიმართავენ.
ცნობისთვის, ნატალია თურქაძის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ყოფილი მოსწავლეებისგან იტალიაში მოგზაურობის საგზურის ჩუქება გახდა.
„პედაგოგთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ერთიანი მომართვა ბატონო მინისტრო, ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგის, ნატალია თურქაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, სამართლებრივად ხარვეზიანი და ეწინააღმდეგება მასწავლებლის პროფესიული ეთიკის პრინციპებს.
წარმოგიდგენთ საქმის მშრალ ფაქტებსა და გამოკვეთილ დარღვევებს: სუბიექტთა სამართლებრივი სტატუსი: 2025 წლის მაისში, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, ნატალია თურქაძემ მადლიერების ნიშნად საჩუქარი მიიღო კურსდამთავრებულებისგან. საჩუქრის გადაცემის მომენტში აღნიშნული პირები აღარ ირიცხებოდნენ სკოლის მოსწავლეებად, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ვერ ჩაითვლება ინტერესთა კონფლიქტად ან დისციპლინურ გადაცდომად.
დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების უგულვებელყოფა: სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა შეისწავლა საკითხი და დაადგინა, რომ პედაგოგის მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, სკოლის დირექტორმა, ეკატერინე დოლიძემ, ერთპიროვნულად, კომიტეტის დასკვნის საწინააღმდეგოდ, მიიღო პედაგოგის გათავისუფლების გადაწყვეტილება.
პროცედურული დარღვევა: გათავისუფლების შესახებ გამოცემულ ბრძანებაში პედაგოგს არ განემარტა გადაწყვეტილების სამეურვეო საბჭოში გასაჩივრების უფლება, რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული წარმოების წესების უხეშ დარღვევას. დროითი ფაქტორი და საფუძველი: გაუგებარია, რატომ გახდა 8 თვის წინანდელი ფაქტი დღეს დევნისა და გათავისუფლების საფუძველი, მით უმეტეს, როცა პედაგოგის მხრიდან რაიმე სხვა პროფესიული გადაცდომა არ ფიქსირდება.
აღნიშნული ფაქტი აზიანებს არა მხოლოდ ერთი პედაგოგის კარიერას, არამედ ჩრდილს აყენებს მთლიანად საგანმანათლებლო სისტემას და ნერგავს დაუცველობის განცდას მასწავლებლებში. მოგმართავთ თხოვნით: პირად კონტროლზე აიყვანოთ აღნიშნული საქმე, შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია და ობიექტურად გადაიხედოს ნატალია თურქაძის გათავისუფლების ბრძანების კანონიერება, რათა აღდგეს სამართლიანობა და დაცული იქნას პედაგოგის ღირსება", - ნათქვამია პეტიციაში
ავტორი:




15:53
17:19
16:42
12:22
















