|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონებში ტაქსის მფლობელებს ნებართვის მისაღებად, სავარაუდოდ, 100 ლარის გადახდა დასჭირდებათ

აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. რაც შეეხება ღირებულებას, ნებართვის მისაღებად ტაქსის მფლობელებს, სავარაუდოდ, 100 ლარის გადახდა დასჭირდებათ. 

“აღნიშნული რეფორმის ერთ-ერთი გამოწვევა არის ავტოსადგურებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და არარეგისტრირებული პირები - ე/წ ხიშნიკები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას ავტოსადგურების გვერდის ავლით ახორციელებენ - ხშირ შემთხვევებში მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს აღნიშნული პრობლემებს, თუმცა, ზოგადად, ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგების მიზნით აუცილებელია ერთიან ჭრილში იქნას გადაწყვეტილი მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, რათა ტაქსების მოუწესრიგებელი საქმიანობა რეფორმის განხორციელებისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ გახდეს“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს: დაახლოებით 7000 პირისთვის, რომლებიც განახორციელებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანას.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, შემოდის ფინანსური სანქციებიც. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელების შემთხვევაში წესდება 100 ლარიანი, ხოლო ტაქსით გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელების შემთხვევაში - 200 ლარიანი ჯარიმა.

კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრავს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა