ტაქსისტებს ლიცენზიის აღება, შესაძლოა, ქუთაისსა და სხვა ქალაქებშიც დასჭირდეთ
ტაქსისტებს ლიცენზიის აღება, შესაძლოა, თბილისის მსგავსად, ქუთაისსა და სხვა ქალაქებშიც დასჭირდეთ - „ქართული ოცნების“ წევრების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, თბილისის მსგავსად, ტაქსის ლიცენზიის გაცემა სხვა თვითმმართველ ქალაქებსაც შეეძლებათ.
კანონში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველ ქალაქებს სსიპ-ების დაფუძნების უფლება ექნებათ. აღნიშნულ სსიპ-ებს ექნებათ ლიცენზიების გაცემის უფლება.
ამ ლიცენზიების გაცემით თვითმმართველმა ქალაქებმა დამატებით შემოსავლები უნდა მიიღონ.
"საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვროს, რომ თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, გასცენ ნებართვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის თაობაზე.
თვითმმართველ ქალაქს მიენიჭება უფლებამოსილება, სანებართვო საქმიანობის განხორციელებისას დააწესოს ნებართვის გაცემის საფასური. სსიპ-ების დაფუძნების შედეგად, გაჩნდება დაჩქარებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რომლის საფასურიდან მიღებული შემოსავალიც მიემართება სსიპ-ის ბიუჯეტში, ხოლო კანონით დადგენილი მოსაკრებლები - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საქართველოში თბილისის გარდა სულ რამდენიმე ქალაქს აქვს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ესენია: ბათუმი; ქუთაისი; რუსთავი და ფოთი. შესაბამისად, სწორედ ამ ქალაქების საკრებულოებს მიეცემათ უფლება გამოსცენ კანონქვემდებარე აქტები, განსაზღვრონ ტაქსით სარგებლობის ლიცენზია და დააწესონ შესაბამისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები. ამჟამად ტაქსების ლიცენზირების წესი მხოლოდ თბილისში მოქმედებს.
ავტორი:



15:55
11:45
18:03












