"თავში ქვა უხლიათ "რუსთავი 2"-ის მოწილეებს" - გიორგი ჟვანია (ვიდეო)
ქუთაისში, პარლამენტის წინ აქცია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. აქცია "რუსთავი 2" მხარდასაჭერად მოეწყო.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. სიტყვიერი დაპირისპირება გაიმართა თავისუფალი ზონის წარმომადგენელსა და დეპუტატ გიორგი ჟვანიას შორის. ჟვანიამ განაცხადა, რომ "რუსთავი 2" მოპარული ტელევიზიაა.
"თავში ქვა უხლია "რუსთავი 2"-ის მოწილეებს, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი. "რუსთავი 2" მოპარული ტელევიზიაა!",- განაცხადა ჟვანიამ.
აქციის მონაწილეები დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესაც დაუპირისპირდნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატს. აქციის მონაწილეებმა დავით ლორთქიფანიძეს რუპორი ესროლეს და პიჯაკი შემოახიეს. სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცავებმა შეძლეს. განსხვავებული პოზიციის გამო მცირე დაპირისპირება მოქალაქებს შორისაც მოხდა.
პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი