|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამწუხაროდ, ადამიანებს არ აინტერესებთ, რა საგანძურია მათ ქალაქში"

 ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ კვების ობიექტის მშენებლობამ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფლება გამოიწვია. მათი პროტესტის მიზეზი ტერიტორიის ახალი დანიშნულება გახდა. ისინი ადგილზე  კულტურის ცენტრის,  ან მუზეუმის მშენებლობას მოითხოვენ.  

ამ განცხადებიდან გამომდინარე,  დავინტერესდით,  თუ  როგორია  საზოგადოების დამოკიდებულება იმ კულტურული ობიექტების მიმართ, რომლებიც ქალაქში არსებობს.

ქუთაისში ხუთი თეატრი,  ათამდე მუზეუმი და სახლ-მუზეუმი,  ასევე ორი გალერეა ფუნქციონირებს. ყველა მათგანის ისტორია ათწლეულებს და ხშირ შემთხვევაში, საუკუნესაც ითვლის.  ვინაიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანთან  მუზეუმის მშენებლობას ითხოვენ,  გამოკითხვა ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმიდან დავიწყეთ.

მუზეუმის ადამიანურის რესურსებისა და საზოგადოებასთან  ურთიერთობის მენეჯერის ნონა ქარციძის თქმით, მიუხედავად ექსპონატებისა და დაგეგმილი პროექტების სიუხვისა, მოქალაქეები მუზეუმში არ დადიან.

„ჩვენთან 25 000 ექსპონატია, მათგან უმეტესობა უნიკალურია და ყველას განსხვავებული ისტორია აქვს. ექსპონატების ნაწილი გამოფენილია, ნაწილიც საცავებში ინახება, რომელთაც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გამოვფენთ. ვცდილობთ მოქალაქეების ინფორმირებას ტელევიზიით, თუ სოციალური ქსელით.  მიუხედავად ამისა,  მოქალაქეების აქტივობა არ არის მაღალი. ძირითადად, სკოლის მოსწავლეები და ტურისტები დადიან.

ერთი ქალბატონი მოვიდა და დაცვას შესჩივდა: „ოთხი საათია დავდივარ და სად იყო ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი, ვერავინ მომასწავლაო“.  ძალიან სამწუხაროა, რომ  ადამიანებს არ აინტერესებთ, რა საგანძურია მათ ქალაქში, არ მოდიან. საკუთარი შემოსავლით ამ პირობებში მუზეუმის შენახვა წარმოუგენელია“,–განაცხადა ნონა ქარციძემ.

 მისი თქმით, ცენტრალურ მოედანზე ახალი მუზეუმის მშენებლობის პროექტი არსებობს, თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მშენებლობის დაფინანსების წყარო ვერ მოინახა.

 ამბობს, რომ ექსპონატების გამოსაფენად დარბაზები სჭირდებათ, რომელთა მოწყობასაც, თვითმმართველობის შემწეობით, ახალ კორპუსებში აპირებენ.

მუზეუმი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და სამინისტროს მიერ ფინანსდება. წლიური ბიუჯეტი 310 000 ლარს შედგენს. საკუთარი შემოსავალი მხოლოდ 10 000 ლარია.

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებასა და დაფინანსებაზე  გადავიდნენ ქალაქში არსებული თეატრები. წლის განმავლობაში 950 000 ლარით ფინანსდება ოპერისა და ბალეტის თეატრი. მცირე ფინანსებსა და მოქალაქეების არასაკმარის დამოკიდებულებაზე საუბრობს თეატრის ხელმძღვანელი ირინე ლომინაძეც.

„ვგეგმავთ პრემიერებს, გვაქვს პროექტები.  მიმდინარე რეპერტუარის ფარგლებში თვეში სამი სპექტაკლი გავა. არ გვყავს საკმარისი სოლისტი, ორკესტრსაც თბილისიდან ვავსებთ, რაც გაცილებით დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაინც ვახერხებთ აქტიურად მუშაობას.

ბოლო დროს გაიზარდა სპექტაკლების  რაოდენობა, თუმცა მაინც მაყურებლის ნაკლებობაა. ყველა ითხოვს მოსაწვევს, 400 ადგილიან დარბაზში 100 მოსაწვევის გაცემა ძალიან რთულია. საკუთარი შემოსავალი ბილეთების გაცემით უნდა ჰქონდეს თეატრს, უნდა მიეჩვიონ ამას, თან ბილეთის ფასი მიზერულია. გვინდა სკოლების ჩართვა, რაღაც ფორმით მათთან თანამშრომლობა, მაგრამ კანონი ამის უფლებას არ გვაძლევს. არადა, განათლების სამინისტრო, რესურსცენტრები უნდა ხვდებოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია, სკოლის მოსწავლეებმა თეატრალიზებულად ნახონ ის ნაწარმოებები, რასაც სკოლაში პროგრამულად გადიან. გვაქვს გეგმა, რომლითაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოუწევს დასწრება თითოეულ სკოლას. უბრალოდ, არ არის ამის ნება.  რაც ახლა არის,  ეს არის არსებობა,  უბრალოდ, ვარსებობთ.  მხოლოდ  სახელმწიფოს  იმედად არ უნდა ვიყოთ, მოთხოვნადი უნდა გახდნენ თეატრები“,–განაცხადა ირინე ლომინაძემ.

  

  აქტიურად მუშაობს მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი.  განსხვავებით ოპერის თეატრისაგან,  სპექტაკლების რაოდენობით ხუთეულშიც მოხვდა, თუმცა თეატრის დირექტორი ადასტურებს, რომ მათაც  არ ულხინთ. ამასთან,  ამბობს, რომ თეატრისთვის  ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა უფრო მოსახერხებელი იყო, ცენტრალურ ხელისუფლებასთან წერილობით ურთიერთობა  კი შედარებით რთული და ნაკლებეფექტურია.  „ფორმალურად არაფერი შეცვლილა.  ბიუჯეტს დააკლდა 50 000 ლარი და 950 000 ლარი გახდა, რომელიც ჩვენ ძალიან დაგვაკლდა. ადგილობრივი თვითმმართველობასთან ახლო კომუნიკაცია გვქონდა, დღეში ათჯერ მივიდოდით და ვარჩევდით საკითხს... სკოლებში ვერ შევდივართ, მაგრამ ვთანამშრომლობთ ადამიანებთან, რომლებიც ურთიერთობენ სკოლებთან.  ვცდილობთ, ამით მოვიზიდოთ ისინი. ვერც სამინისტრო, ან თვითმმართველობა ისე ვერ დაეხმარება თეატრს, როგორც მაყურებელი. ეს არის როგორც ემოციები მსახიობისთვის და სწორი შეფასებები, ასევე გაყიდული ბილეთი, რომელიც თეატრისთვის მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოებაზე, ეს არის ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ სახელმწიფოებრივად. საზოგადეობაში არის პრობლემა. პრემიერებზე, როდესაც ბილეთი არ უნდა იშოვებოდეს, ვარიგებთ მოსაწვევებს, ვეხვეწებით, უფასოდ მოვიდნენ და არ მოდიან. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ პრობლემა ეკონომიკაშია, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა, მთავარი პრობლემა პრიორიტეტების არარსებობაა,“–განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.

30 წლის განმავლობაში ყოველგვარი დაფინანსების გარეშე არსებობს „ნიღბების თეატრი“, როგორც მას ხალხში იცნობენ.  „სატირისა და იუმორის თეატრის“ დამაარსებელი დავით ჯიშკარიანი, წლების განმავლობაში თეატრს მსახიობებთან ერთად ენთუზიაზმით ინახავს. ამბობს, რომ ბიუჯეტის არარსებობის გამო მსახიობები ანაზღაურებას ვერ იღებენ და ხშირად თეატრში მისასვლელი თანხაც კი არ აქვთ.

„ერთმა მსახიობმა სპექტაკლზე დააგვიანა, გავნაწყენდი და ვუსაყვედურე, მერე მითხრა,  რომ მგზავრობის ფული  არ ქონდა და ქალაქის მეორე  ბოლოდან ფეხით ამოვიდა.  ვერაფერი  ვუთხარი. ამ მიზეზით  ვერც ვავალდებულებ მათ, აქტიურად იარონ. თუ რაიმე ღონისძიებაზე მიგვიწვევენ, ამ შემთხვევაში ვიღებთ თანხას. ადგილობრივი მთავრობა გვეხმარება, როგორც შეუძლია, გვიკვეთავენ სპექტაკლებს სხვადასხვა დღესასწაულებზე, შენობა გაგვირემონტეს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. მაყურებელი უნდა მოვიდეს, სკოლებმა უნდა იარონ, დაგვიკვეთონ სპექტაკლები. ჩვენ და „თოჯინების თეატრმა“ უნდა აღვზარდოთ მაყურებელი, რომ შემდეგ მესხიშვილისა და ოპერის თეატრებში მივიდნენ, სხვაგვარად არაფერი შეიცვლება. ვინც კი თეატრში მოვიდა, უკმაყოფილო არავინ წასულა, მაგრამ აქამდე მოსასვლელად უნდა მოიძებნოს გზა. 30 წელია, ვიცავ ამ თეატრს, გასტროლები გვაქვს. თურქეთიდან  2, 5 მილიონიანი ინვესტიცია ჩამოვიტანეთ ქალაქში, ჩვენი ჩასვლის შემდეგ გაიცნეს ქალაქი და გადაწყვიტეს აქ ქარხნის გახსნა, სადაც ასობით ადამიანი დასაქმდა.  ჩვენ ქალაქის სახე ვართ და უნდა უფრთხილდებოდნენ მსგავს დაწესებულებებს.  მთავზობენ თურქეთში წავიდე და იქ დავაარსო თეატრი, მაგრამ რომ წავიდე, 30 წლის შრომა ხომ უკვალოდ გაქრება“, –განაცხადა დავით ჯიშკარიანმა.

მსგავსი პრობლემები აქვს თოჯინების თეატრსაც, ასევე სახელმწიფო დაფინანსებაზეა მუზეუმები და სახლ-მუზეუმები,  სამხატვრო გალერეები.  ყველა დაწესებულება მნახველის ნაკლებლობას უჩივის.

„ახალმა გაზეთმა“ ქუთაისის სხვადასხვა უბანში 50–მდე მოქალაქე გამოკითხა. მათგან  მხოლოდ რამდენიმემ გვიპასუხა, როდის იყო ბოლოს თეატრში და მუზეუმში. გამოკითხულთაგან ყველამ მხოლოდ მესხიშვილისა და ოპერის თეატრების ადგილმდებარეობა იცის, თითქმის ვერავინ გვიპასუხა, სად მდებარეობს ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი, ასევე თოჯინების და ნიღბების თეატრი.

ვიდრე ქალაქში მთავარი განხილვის თემად „მაკდონალდსის“ მშენებლობაა, არსებული სახელოვნებო დაწესებულებები გადარჩენისთვის იბრძვიან. კულტურული ცხოვრება მოქალაქეეთა დიდი ნაწილის პრიორიტეტებში ვერ ხვდება. ქალაქის ცენტრში სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობასაც მხოლოდ მცირე ჯგუფი აპროტესტებს, თუმცა ნაწილი ქალაქზე, ნაწილი კი საკუთარ ბიზნესზე ზრუნვის მიზნით.  

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა