|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეატრში რა ვნებათაღელვაცაა ხოლმე, ის არ ყოფილა მესხიშვილის თეატრში" -კოტე აბაშიძე

ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის პროცესს მესხიშვილის თეატრში აჟიოტაჟი მოყვა. თეატრში მიმდინარე შიდაარჩევნების გვერდის ავლით, მინისტრმა სამხატვრო ხელმძღვანელად კოტე აბაშიძე დანიშნა, რომელსაც მესხიშვილის თეატრთან მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებდა. მიუხედავად ამისა, კოტე აბაშიძის დასახელებას თეატრში მსახიობთა ნაწილში უკმაყოფილება მოყვა. გაიარა თუ არა ვნებათაღელვამ და როგორია კოტე აბაშიძის სამოქმედო პროგრამა,  ამის შესახებ  სამხატვრო ხელმძღვანელი "ნიუპრესთან" საუბრობს.

–ვნებათაღელვა ნებისმიერ არჩევნებს მოსდევს,  მაგრამ  არჩევნები არც იყო, ეს იყო კონკურსი. აჟიოტაჟი  იმან გამოიწვია, რომ შიდაარჩევნები მინდინარეობდა, მაგრამ არჩევნებით არ წყდება სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა. მას  ნიშნავს მინისტრი, მორჩა და გათავდა. არის კონკურსი, არის სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც შედგება სპეციალისტებისგან.  საბჭო იხილავს კანდიდატების პროგრამას და რეკომენდაციას აძლევს მინისტრს, არავითარ შიდაარჩევნებს და სხვა ღონისძებას აზრი არ აქვს, მინისტრს შეუძლია გაიღვალისწინოს საბჭოს აზრი, ან არა.

–გასაგებია, პროცედურები სხვაგვარი იყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, თეატრი მუშაობდა საკუთარი კანდიდატის პროგრამაზე და აღმოჩნდა, რომ მინისტრმა მოულოდნელად წარადგინა თქვენი კანდიდატურა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია, გადაიარა თუ არა  ვნებათარელვამ თეატრში?

–ცვლილება ძალიან მტკივნეული პროცესია და მტკივნეულად განიცდიან თეატრებში, მით უმეტეს, როდესაც წლები მუშაობენ ადამიანები ერთად, მაგრამ გავიმეორებ, სამინისტრო წყვეტს. სარეკომენდაციო საბჭოდან ხუთმა უნდა მოგცეს ხმა,  სხვა რაოდენობას არა აქვს მნიშვნელობა.  ქუთაისის თეატრში იყო ყველაზე დიდი კონკურსი,  ჩაიშალა ხმები და მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება. არც ჩავრეულვარ და ვერც ჩავერეოდი ამ პროცესში, ალბათ, ის რვაწლიანი თანამშრომლობა გახდა გადამწყვეტი, რომელიც მე ამ თეატრთან მაკავშირებდა.  რამდენიმე სპექტაკლი, ორი სატელევიზიო სპექტაკლი მაქვს დადგმული მესხიშვილში. ვიცნობ აქაურობას და, ალბათ,  გადაწყვეტილება ამას ემყარებოდა.  თეატრში რა ვნებათაღელვაცაა ხოლმე,  ის არ ყოფილა მესხიშვილის თეატრში. ზოგადად, თეატრებში  ნამდვილი ვნებათაღელვაა,  ქარიშხალია.  დანარაჩენს, რაც შეეხება,  რეჟიმს უბრუნდება თეატრი.

–როგორია თქვენი სამოქმედო პროგრამა, რამდენ სპექტაკლს შეთავაზებთ მაყურებელს?

–ახალი სეზონი პრემიერით დავიწყეთ, რაც იყო ძალიან კარგი სპექტაკლი, ასევე ოქტომბერში გვქონდა პრემიერა გიორგი სიხარულიძის მიერ დადგმული სპექტაკლით.  ანუ, ახალი სპექტაკლი შეგვემატა, როგორც ჩვენი თეატრის რეპერტუარს, ასევე ბათუმის თეატრის რეპერტუარს, ეს ერთობივი ნამუშევარია. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, ნოემბერში ორი სპექტაკლი ჩაეშვება.  „მიუნჰაუზენს“ მე დავდგამ, თორნიკე მარჯანიშვილი ჩაუშვებს „თეთრ ბაირაღებს“, რომელიც ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით დაიდგმება, შემდეგ, მომავალ წელს კორპროდუქცია გვაქვს თბილისის თოჯინების თეტრთან.  საინტერესო სპექტაკლია „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, მე და თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი ნიკა საბაშვილი გავაკეთებთ. ეს არის ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. დაგეგმილია სამი სპექტაკლი მცირე სცენაზე, სულ 9 სპექტაკლია გეგმაში და იმედია, რომ გავაკეთებთ.

–ითანამშრომლებთ თუ არა სხვა რეჟისორებთან?

–კარგი პროექტი გვაქვს, რომლითაც ერთ ახალგაზრდა რეჟისორს მივცემთ დადგმის საშუალებას. ეს იქნება უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.  რეჟისორებისთვის კარგი შეთავაზებაა, გამოცდილების მიღება დაიწყოს ჩვენთან. აქცენტი ქუთაისელზე არ გაკეთედება.  არ მიყვარს კუთხური სეპარატიზმი. წარმოდგენა არ მაქვს, ვისზე ვლაპარაკობ.

 

–როგორ მოხდება შერჩვა?

– უნივერსიტეტის რეკომენდაციით შევარჩევთ, მაგრამ თუ თქვეს, რომ რამდენიმე კადრია და ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, მაშინ ამ შერჩეულ ადამიანებში, კონკურსი გამოცხადდება. ჯერ მათი პროექტი უნდა მომეწონოს. მოთხოვნა იქნება, თუ რა  ჟანრიდან გვინდა, როგორ გადაბალანსდება დასი, სურვილია, რომ წელიწადში ყველა მსახიობი დაკავებული იყოს მინიმუმ ერთხელ მაინც.  ჯერ ვმუშაობთ, შევარჩევთ ჟანრობრივად, რა მასალას შევუკვეთავთ. შესაძლოა დაიდგას ჩვენი და ინსტიტუტის დაფინანსებით, მაგრამ დიდი წილი ჩვენზე იქნება. ერთი შეიძლება ითქვას, ვინც უნდა იყოს, დავხვდებით, როგორც რობერტ სტურუას. ეს იქნება წელიწადში ერთხელ, რადგან ჩვენ ახალგაზრდა რეჟისორებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ნიჭი გამოავლინონ, თუ ასე არ მოვიქცევით ძალიან მალე დიდი ჩავარდნა იქნება, რადგან კარგი რეჟისორი ასე ადვილად არ ყალიბდება, თუ შევამჩნევთ მასში პოტენციალს, ამის შემდგომ ვიმსჯელებთ მომავალ თანამშრომლობაზე.

–არის თუ არა დღეს რეჟისორების პრობლემა?

–დიპლომიანი რეჟოსირების პრობლემა არ არის, მაგრამ, ალბათ, არის კარგი კადრების პრობლემა. წინ უნდა ვიხედებოდეთ, ვინ მოდის, რა პოტენციალია.  ფული ცოტაა და ახალგაზრდა რეჟისორს არ აძლევენ სპექტაკლს. თეატრები არ რისკავენ და გამოცდილ რეჟოსირებს უკვეთავენ სპექტაკლს. ასე არ ვარგა, დღეს შეიძლება არაა რეჟისორების პრობლემა, მაგრამ მივალთ ამ პრობლემებამდეც.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა