|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული პრობლემები სახალხო დამცველმა შეაფასა

 

2024 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში (თერჯოლამედი)“ არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულეს, დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ პაციენტებსა და  განყოფილების პერსონალს. 

ცენტრი გათვლილია 18 საწოლზე და სრულად დატვირთულია; უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემები. იქ მყოფ პაციენტებს არ აქვთ სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა; შენობაში გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა. ამასთან ხშირია ერთი და იგივე პირების სტაციონირების შემთხვევები, რაც გამოწვეულია რეგიონში სათემო სერვისების ნაკლებობით.

მკურნალობის პროცესში პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილნი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციური ინტერვენციებით და ნაკლებადაა გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები. ცენტრი განიცდის საჭირო პერსონალის/სპეციალისტების სიმცირეს.

სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები განაგრძობენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და მონიტორინგის შედეგები აისახება საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.

ავტორი: