|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრ ხიდზე" რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა

სიმბოლურია, რომ რეზო გაბრიაძის შესახებ ფილმის ჩვენება ქუთაისში, თეთრ ხიდზე გაიმართა. საქართველოში ეს ფილმის საპრემიერო ჩვენება იყო.  ანიმაციური ფილმი  "ჰაი, ჰარალე დედაო" რეზოს მოთხრობების მიხედვით "თეთრი ხიდი", "ქუთაისი ქალაქია" მისმა ვაჟმა რეჟისორმა ლევან გაბრიაძემ გადაიღო. თუმცა როგორც მან აღნიშნა, როდესაც ფილმის გადაღება დაიწყეს, მოთხრობები მხოლოდ ზეპირი სახით არსებობდა. 

 ფილმის გადაღება 1994 წელს დაიწყო, როდესაც რეზო მასთან ლოს ანჯელესში იმყოფებოდა:

"ამ ფილმის გაკეთება მინდოდა, უკვე 25 წელია. 1994 წელს ამერიკაში ვცხოვრობდი, რეზო ჩამოვიდა სტუმრად ჩემთან,  დავათვალიერებინე ყველაფერი, მაგრამ შემდეგ მითხრა, მომწყინდა, იქნებ გავაკეთოთ რამე, მაშინ გამახსენდა რომ მას ბავშვობის მოთხრობები ჰქონდა, რომელიც არ ქონდა ჩაწერილი, ისე გვიამბობდა... მაშინ ვიფიქრე, რომ ეს უნდა გადამეღო, რომ როგორმე შემენარჩუნებინა ეს მოთხრობები... და გადავიღე, მაგრამ ანიმაციის გაკეთება მაშინ არ გამომივიდა,  რადგან მარტო ვიყავი, ანიმაცია კი შრომატევადი სამუშაოა, შემდეგ რეზომ ეს მოთხრობები წიგნადაც გამოსცა.  დაახლოებით 6 წლის წინ მოსკოვში გადავიღეთ თავიდან, ყველა ნახატი დაგვიხატა, ყველა გმირი, ყველა ადგილი, სახლი... შემდეგ ეს ყველაფერი სტუდიაში უკვე ფილმად ვაქციეთ,"- ამბობს ლევან გაბრიაძე.

რეზო გაბრიაძემ ფილმისათვის 500-ზე მეტი ნახატი თავად შეასრულა.

ფილმი მომზადებულია სტუდიაში "ბაზელევსი", რომელიც მოსკოვსა და ლოს ანჟელესში საქმიანობს. ლევან გაბრიაძის განცხადებით, ფილმი სტუდიის დამფუძნებლის თემურ ბეკმამედოვის მხარდაჭერით მომზადდა.  "ეს ფილმი არის ჩვენი საჩუქარი რეზოსთვის", - აღნიშნა ლევან გაბრიაძემ.  

კითხვაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა რეზოს, როდესაც ფილმი ნახა, ლევან გაბრიაძემ აღნიშნა; "ძნელია საკუთარი თავის ეკრანზე ყურება, თავიდან უჭირდა, შემდეგ რამდენიმე ნახვის შემდეგ შეეჩვია, იმედია, მოსწონს, რომ არ მოსწონებოდა, ახლა ჩვენ აქ არ ვიქნებოდით".

  ფილმის ჩვენებას დაესწრო თავად რეზო გაბრიაძეც, თუმცა მან საჯარო გამოსვლასა და ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა.

ღონისძიება ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოეწყო. 

ავტორი: ირინა მაკარიძე