თეთრი ხიდზე შუშისაგან იმიტირებული თეთრი ქვები განთავსება
თეთრ ხიდის რეაბილიტაციის პროექტში დაგეგმილია ხიდზე შუშისაგან იმიტირებული თეთრი ქვები განთავსება, რომელზეც ჩამოჯდომაც შესაძლებელი იქნება, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
მერია მიმდინარე წელს სამი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც დაახლოებით მილიონამდე ლარს დახარჯავს.
ასსაფეხურიანი კიბის, თეთრი ხიდისა და გაპონოვის ქუჩის ფასადების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტში 900 ათასი ლარია გათვალისწინებული. მერიის ინფორმაციით, პროექტებთან დაკავშირებით მერია ტენდერებს გამოაცხადებს და კონკრეტულად, თუ რომელი პროექტისათვის რა თანხა დაიხარჯება, შემდეგ მოხდება დაანგარიშება.
ასსაფეხურიანი კიბის პროექტის მიხედვით, რისთვისაც ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება, იგეგმება კიბის შეკეთება, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მოსასვენებელი პარკის მოწყობა 80 კაცზე გათვლილი ღია ამფითეატრით და შადრევანით, ასევე დაგეგმილია ტერიტორიის დაკიდებული ყვავილებით გაფორმება.
რაც შეეხება გაპონოვის ქუჩას, აქ ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება. რეაბილიტაციის შედეგად, შენარჩუნდება შენობების ძველი იერ-სახე. აღნიშნული უბნის ტურისტულ ლოკაციად ქცევის მიზნით გათვალისწინებულია წმინდა გიორგის ტაძრის ეზოდან საფეხმავლო ხიდის აგება, რომელიც ბოტანიკურ ბაღს დაუკავშირდება.
პროექტისათვის 2 მლნ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. ხიდის მშენებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება. თანხის მნიშვნელოვან ნაწილს რეგიონალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
მერიის მიერ დაგეგმილ 3 ინფრასტრუქტურულ პროექტზე მერის მოადგილემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას ისაუბრა.
ავტორი: ირინა მაკარიძე