"ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა იქნება
სპორტულ გაზეთში "ლელო" გამოქვეყნებულ სტატიაში: "ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა" არსებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის მომავალი პრეზიდენტი ზაალ (ზაზა) ჩაჩავა იქნება. რაც შეეხება ინვესტორის საკითხს, "ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური ადასტურებს, რომ "კლუბის კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი თითქმის დასრულებულია, დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარე. ამჟამად, "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზეა, მაგრამ უახლოეს პერიოდში წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის ხელში გადავა.
კლუბის მომავალი პრეზიდენტი ზაალ (ზაზა) ჩაჩავა იქნება, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უკვე იცით - კობა ჟორჟიკაშვილი, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ზურაბ ჩაკვეტაძე იმუშავებს"-ნათქვამია სტატიაში. აქვე ისიცაა განმარტებული, რომ "ტორპედოში" ინვესტორის მოსვლა უდიდესწილად ზურაბ ჩაკვეტაძის დამსახურებაა.
რაც შეეხება კლუბის მომავალ პრეზიდენტს, ზაალ ჩაჩავა კომპანია "კაზინო აჭარაბეთის" პარტნიორია. ამავე დროს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, ის შპს "ვედიმპექსის" დამფუძნებელია "ქროსვეისთან", თეიმურაზ უგულავასა და შპს "მეგაფუდთან" ერთად. 2009 წლის თებერვალში ის წყალბურთის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
"ნიუპრესი" ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. ჩვენი ინფორმაციით, ქალაქმა გუნდი ჯერ ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადასცეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება კლუბის ახალი მესაკუთრისათვის გადაცემა. ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ "ტორპედო", ჯერჯერობით, ქუთაისის მუნიციპალურ საკუთრებაში რჩება.
არსებული ინფორმაციით, კლუბის მიმართ ინტერესი აქვს ირანულ ჯგუფსაც.
"ტორპედოს" ირგვლივ არსებული კითხვებით "ნიუპრესმა" ქუთაისის მერიასაც მიმართა. ამ საკითხებზე ქალაქის მერის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი: ნიუპრესი