"თუ გამოვლინდა დარღვევები, შესაძლოა, საქართველოს შეუწყდეს ევროპაში უვიზო მიმოსვლა"
ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს რეგიონული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმერეთის გუბერნიასთან ერთად იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
შეხვედრაზე საუბარი ევროინტეგრაციისა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიზნებს და ამოცანებს შეეხო. ღონისძიების მთავარი მიზანია რეგიონების აქტიური ჩაართვა ევროინტეგრაციის სფეროში.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეები ინფორმირებული იყვნენ უვიზო მიმოსვლისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მოქალაქეები რომლებიც დაარღვევენ მოთხოვნებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, დაეკისრებათ ჯარიმა და აეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა. ჩვენ ძალიან მკაცრად ვასრულებთ ხელშეკრულების პირობებს. ასე, რომ მოქალაქე რომელიც დაარღვევს წესებს, აუცილებლად იქნება ნაპოვნი და დასჯილი შესაბამისად. თუ მსგავსი ფაქტები ხშირად დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, საქართველოსაც შეექმნება პრობლემები და შესაძლოა, შეუწყდეს ევროკავშირის ქვეყნებში მიმოსვლა“,- განაცხადა ყარაულაშვილმა.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, იმერეთის გუბერნატორს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნილი პლატფორმის თავმჯდომარესა და ადგილობრივ დემოკრატიის სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
„დღევანდელი შეხვედრით კიდევ და კიდევ დავუახლოვდით ევროკავშირს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ დამსწრე საზოგადოებას და მსგავსი ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება“,-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი