ჩვენს ომში თუ ხართ, დადექით ჯარისკაცად - მაკა სულაძე ფალავანდიშვილებს დაუპირისპირდა
თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ არის საჭირო თქვენი ჩარევა - ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა მაკა სულაძემ ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორებს, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებს განუცხადა.
საქმე ეხება 24 მაისს თბილისის აქციაზე მომხდარი ინციდენტს, რა დროსაც ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი “სირცხვილიას” აქტივისტს, სალომე ბარკერს დაუპირისპირდა და LGBTQ სამკლაურის გამო აქციის დატოვება აიძულა სხვა თანამოაზრეებთან ერთად.
მაკა სულაძის თქმით, ყველას თანაბარი უფლება აქვს, დაიცვას ქართული მიწა და საარსებო გარემო.
“ქრისტიანობა რა არის? შემწყნარებლობაა ქრისტიანობა. ურთიერთტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ რჯული ჩემიო — არ გაგიგონიათ? რა გამოდის, გამაგებინეთ, რიონის ხეობის მცველები თბილისში იმიტომ ჩამოვიდნენ და ხეობაში იმიტომ დავბრუნდით, რომ ვარჩიოთ რომელიმე პროპაგანდა… ის რატომ აკეთებს, ეს რატომ აკეთებს და პარტიების დღის წესრიგები ვარჩიოთ? მე მასწავლით კიდევ ქრისტიანობას, ჯვარს როდის გადავდებ გვერდზე და როდის დავიჭერ ხელში. ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ არის საჭირო თქვენი ჩარევა”, — განაცხადა მაკა სულაძემ.
სულაძის თქმით, აქციის ორგანიზატორები თავად მიუთითებენ მონაწილეებს წესებზე, რომელიც მათ შორის მოიცავს, სიმბოლიკის არდაშვებას და ფალავანდიშვილების ჩარევა საჭირო არ არის.
სულაძესა და ფალავანდიშვილს შორის ასეთი კამათი იყო:
მაკა სულაძე: მე როცა ჩემს გაწყობილ სუფრაზე მოვიწვევ სტუმრებს, მე მაქვს უფლება, იმ სტუმარს მივუთითო, დაჯდები თუ არა აქ და სხვა სტუმარს არ აქვს ამის უფლება
გურამ ფალავანდიშვილი: თუ სამკლაური უკეთია და თქვენ არ გაიყვანთ, გაიყვანს ხალხი.
— თქვენ დამაცადეთ, სამკლაური შემემჩნია თუ არა? სამკლაურზე საუბარია? ქვეყანა გამოგვეცალა ხელიდან, თქვენ კიდევ დასდევთ ლგბტ-ებს.
ჰომოფობიური და ულტრანაციონალისტური აქციების ორგანიზატორები, მამა-შვილმა გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებმა 26 მაისს განცხადებას გაავრცელეს და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ისინი “არ გაემიჯნენ ლგბტ აქტივიზმს”.
ავტორი: ნიუპრესი