თუმანიშვილის თეატრმა ქუთაისში "დედა კურაჟი" წარმოადგინა
მესხიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი გიორგი სიხარულიძე კვლავ მესხიშვილის თეატრშია, ოღონდ, ამჯერად თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასთან ერთად.
ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი "დედა კურაჟი" თუმანიშვილის თეატრში გიორგი სიხარულიძის პირველი ნამუშევარია.
"მე ვჭირდები ომს, ომი მჭირდება მე", - ამბობს მთავარი გმირი "დედა კურაჟი", რომელსაც სცენაზე ნინელი ჭანკვეტაძე ანსახიერებს. წვრილმანეწით მოვაჭრე, რომელიც ფრონტის ხაზს დაყვება, აცხადებს, რომ ომი მავანთა ხელში ბიზნესია.
სპექტაკლში მხატვრული ხერხების გამოყენებით, მსახიობების ოსტატობით, დახვეწილი სცენოგრაფიით და ცოცხალი მუსიკის თანხლებით საკმაოდ კარგადაა გადმოცემული რეჟისორის სათქმელი. როგორც გიორგი სიხარულიძე აცხადებს, ძალიან ბევრს ფიქრობდა, თუ რა დაედგა პირველად თუმანიშვილის სცენაზე და არჩევანი ომის თემატიკაზე შეაჩერა: "უამრავი ომი ვნახეთ და ვნახეთ ის შედეგები, რა შედეგებიც ამ ომმა დატოვა. ვნახეთ, თუკი რამე ფასეულია, ღირებულია, მნიშვნელოვანია, ფაქიზია, მას როგორ ანადგურებს ომი", - განაცხადა რეჟისორმა.
სპექტაკლში კინომსახიობთა თეატრის თანავარსკვლავედთან ერთად მესხიშვილის თეატრის მსახიობი გაგი შენგელია მონაწილეობს.
წარმოდგენამ ქუთაისელი მაყურებლის მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.
ავტორი: ირინა მაკარიძე