ტურისტებისათვის ექსტრემი ქუთაისის ავტოსადგურიდან იწყება
თუ თქვენ ტურისტი ხართ და ქუთაისში მოხვდით, წინ დიდი თავგადასავლები გელით. იმისათვის, რომ მოინახულოთ ქალაქი, ან გაემგზავროთ სხვა მიმართულებით, მოგიწევთ, რამდენიმე ტრანსპორტი გამოიცვალოთ. თუ გაგიმართალად და თვითნებურად მოწყობილი ავტოსადგური იპოვეთ, ე.ი კარგი ინტუიცია გქონიათ. ირგვლივ მიმოფენილ გარემოვაჭრეებსა და სავაჭრო ცენტრებს კი გვერდს ვერ აუვლი, სადაც თურქული, ან ჩინური ნაწარმის ფართო არჩევანი გელოდებათ.
ქუთაისის ცენტრალური ავტოსადგური ჭვჭავაძის გამზირზე მდებარეობს და ის ქალაქში შემომსვლელ–გამსვლელებს ემსახურებოდა. სადგურმა მუშაობა 1978 წელს დაიყო და მას შემდეგ ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა, თუმცა ბოლო ათწლეულებში განვითარების ნაცვლად განადგურების მიმართულებით შეიცვალა.
ავტოსადგურის შენობა და მისი მიმდებარე ტერიოტორიები სავაჭრო ცენტრებმა, მცირე ზომის ჯიხურებმა და გარემოვაჭრეებმა დაიკავეს. მგზავრებისათვის მოსაცდელი სივრცე არ არსებობს. მომდებარე ადგილზე გაჩერების ნებას მათ მაღაზიის მფლობელები და გარემოვაჭრეები არ აძლევენ.
„თუ გაგიმართლა და ტრანსპორტი დაგვხვდა, კარგია, დაჯდები და არავინ შეგაწუხებს, თუ არადა, აქ გაჩერება არ შეიძლება, გამოვარდებიან მაღაზიის მეპატრონეები და გვეჩხუბებიან, აქ არ გაჩერდეთო. დარბაზი ან მოსაცდელი არაა, რომ გავჩერდეთ და დავდივართ ზევით–ქევევით „მარშუტკის" მოსვლამდე",–განაცხადა ერთ–ერთმა მგზავრმა თაზო ამყოლაძემ.
უკმაყოფილებას გამოთქვამენ სამარშუტო ხაზების მძღოლებიც. მათი განცხადებით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო მათ პრობლემა მათაც ექმნებათ. დაუზიანდათ მიკროავტობუსები, ადმინისტრაცია გზებისა და დარბაზების მოწესრიგებაზე არ ზრუნავს. თანხას კი მძღოლებისგან ყოველდღღიურად კრებენ.
„საშინელი მდგომარეოობა, გაძლებაა შეუძლებელი. არაფერი ადმინისტრაციას არ აინტერესებს, მხოლოდ ფული აიღონ. დღეში 9 ლარს ვიხდი, გაბილეთიანებაც არაა. იქნებ 9 ლარის მგზავრი საერთოდ არ მიმყავს, არ აინტერესებთ. გასვლას ვერ ვახერხებთ, გზები აღარაა საერთოდ. შეიძლება, ქალაქის სადგური ამ მდგომარეობაშ იყოს? ფეხით კი არა, მანქანით გავლაა შეუძლებელი, იმხელა ორმოებია. ამას ისიც ემატება, რომ ამდენი ტრანსპორტი ქაოსურად მოძრაობს. სადგური არაა, მგზარი რომ გაჩერდეს და დაგველოდოს. რას აპირებს ადმინისტრაცია, ჩვენ ვერ გავიგეთ. ამ მდგომარეობაში როდემე ვიქნებით, ისიც არ ვიცით“, –განაცხადა მძღოლმა რომან არაბიძემ.
სადგურის ადმინისტრაცია, რომელიც ამ დროისთვის რამდენიმე ოთახშია განთავსებული ადასტურებს, რომ მიმდებარე ტერტორიაზე მდგომარეობა რთულია და მას მიმდინარე მშენებლობით ხსნიან. რაც შეეხება მოსაკრებელს აცხადებენ, რომ მძღოლებისგან თანხას გაყიდული ბილეთების მიხედვით იღებენ.
" დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ ეს შენობა გვეკუთვნის. ამასთან, მიმდინარეობს ახალ შენობის მშენებლობა. იქ გათვალისწინებულია მოსაცდელი დარბაზი, ბავშვთა ოთახი და ყველა ის სერვისი, რაც პირველი კატეგორიის სადგურს ჭირდება. აპრილის თვეში პირველი სართული მოწესრიგდება და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს. ორი წლის წინ უნდა გახსნილიყო, წესით, მაგრამ ომის პერიოდმა შეაჩერა მშენებლობა.
გადასახადები არ გაიზრდება. მძღოლებისგან თანხას ბილეთების მიხედვით ვიღებთ, სტანდარტულად ჩვენთაც სხვა სადგურებთან შედარებით დაბალი გადასახადებია, კონკურენციის გამო თბილისის და ბათუმის მგზავრებს ვერ ვემსახურებით. , სამწუხაროდ, დღეს ხის ძირში რომ გახსნა სადგური, შესაძლებელია, ამიტომ მომრავლდა ავტოსადგურები", –განაცხადა ავტოსადგურის ექსპლუატაციის უფროსმა ვარლამ გორდელაძემ.
ავტოსადგურის ხელმძღვანელობას სადგურის ნაწილი გარემოვაჭრეებისთვის აქვს დათმობილი, საიდანაც თვეში დაახლოებით გადასახადებით 700–800 ლარს იღებენ. ვარლამ გორდელაძის თქმით, სადგურის მოწყობის შემდეგ ადგილზე გარემოვაჭრეების აღარ დააყენებენ.
ქუთაისში ერთ–ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ცენტრალური სადგური ყველა რაიონიდან შემოსულ ტრანსპორტს ვერ ემსახურება. იმისათვის, მგზავრებმა თბილისში, ბათუმში ან ამბროლაურში გადაადგილება შეძლონ, მოუწევთ სხვადასხვა უბნებში მოწყობილი სადგურების მოძებნა. ეს მდგომარეობა პრობლემას უქმნის ტურისტებს, რომლებიც არ იცნობენ ქალაქს და ენობრივი ბარიერიც აქვთ. როგორც საქართველოში მყოფი ტურისტები აცხადებენ, მათ ხშირად ტაქსით გადაადგილება უწევს, რომ სასურველი ტრანსპორტი იპოვონ. ტურისტები სერვისების მ ოწესრიგებას ითხოვენ.
ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ავტოსადგური ფუნქციონირებს. ავტოსადგურის მოსაწყობად ლიცენზიაა საკმარისი, რომლის გაცემაც არც თუ გართულებული პროცესების მეშვეობით ხდება. მსგავს სადგურებში, უმეტესწილად, არ ხდება ბილეთების გაცემა, ასევე არაა მოწესრიგებული გასვლის დრო. ამას გაუმართავი ტრანსპორტიც ემატება. ზოგიერთი კი საწვავად გაზს იყენებს, რაც მგზავრების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. სადგურებზე არ ჰყავთ ექიმი, რომ მძღოლებს შემოწმება ჩაუტარდეთ. ექსტემის მოყვარულ ტურისტებს გაუმართლებთ და გადაადგილებას საბჭოთა დროინდელი ავტობუსებით შეძლებენ.
ცენტრალური ავტოსადგურის პრობლემა ქალაქისათვის დიდ გამოწვევად მიაჩნია მერიის ეკონომიკური სამსახურის ყოფილ უფროსს, მალხაზ ჭრელაშვილს. მისი თქმით, აუცილებელია, ავტოსადგურის ერთიან სივრცეში მოქცევა, რომ როგორც ადგილობრივ მგზავრებს, ასევე ტურისტებს პრობლემა არ შეექმნათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალაქში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ.
ქუთაისის ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ქუთაისის ბიუჯეტში უკვე განისაზღვრა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება, თუმცა შენობა და კომპანია კერძო საკუთრებაა და მათ მითითებებს ვერ მისცემენ.
ავტოსადგურის ხელმძღვანელობის განცხადებით, ცენტრალური ავტოსადგური რამდენიმე თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას, იქნება თუ არა ის დაპირებისამებრ, აუცილებელი სერვისებითა და ინვენტარით აღჭურვილი, ამაზე საუბარი შემდგომ იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი