თვითმმართველობის არჩევნები- 2017 - მოლოდინები და შედეგები
არჩევნები 2017–ის შედეგები საოლქო კომისიებმა უკვე შეაჯამეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდად, ექსცესების გარეშე ჩაიარა. იმერეთის მასშტაბით, იყო პროცედურული დარღვევები, რამაც შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა.
ცესკოს შედეგით, იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში “ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ქუთაისში კი მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. მმართველი პარტიის რჩეულმა გიორგი ჭიღვარიამ, არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების მხოლოდ 48% მიიღო და საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.
ქუთაისის მერობის პოსტის მოსაპოვებლად 8 კანდიდატი იბრძოდა. ყველა მათგანმა არჩევნების დღეს განაცხადა, რომ მხარი ქალაქის განვითარებას დაუჭირა, თუმცა განვითარებისთვის შესაძლებლობად ყველას საკუთარი პროგრამა და ხედვა მიაჩნდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არასამთავრობოებმაც შეაფასეს და აღნიშნეს, რომ იყო რიგი დარღვევები, თუმცა ზოგადი შეფასებით, არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. განსხვავებით არასამთავრობოებისა, გაყალბებაზე საუბრობენ ოპოზიციურ პარტიებში.
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევების დღესვე აქტიურობდა და აცხადებდა, რომ ხელისუფლება კრიმინალებით ცდილობდა არჩევნების მოგებას. ამასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგიც გამართეს, სადაც მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც არჩევნების დღეს უბნებზე წააწყდნენ.
„რაც დღეს ქუთაისში ხდება, ეს არის ხელისუფლებისა და კრიმინალების მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაცია, რასაც არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან. ტოტალურ მოსყიდვებსა და დაშინებებს თან დაერთო კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კანონის უხეში დარღვევები“, – აცხადებდა გრიგოლ ვაშაძე.
არჩვნების შემდეგ საოლქო კომისიის პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყეს დაღვევებზე საუბარი სხვა პარტიების წარმომადგენლებმაც. შედეგების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და „პოლიტიკური ტაიმ–აუტის“ აღებაზე გააკეთა განცხადება გოგი წულაიამ, რომელმაც გულისწყრომა, როგორც ცესკოს, ასევე საზოგადოების მიმართ ვერ დამალა და განაცხადა, რომ დასვენებას აპირებდა. უკმაყოფილების მიზეზი კი, მისი, როგორც მერობის კანდიდატისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების დიდი სხვაობა იყო. წულაია ირწმუნებოდა, რომ მსგავის შედეგი არსად ყოფილა და მის პარტიას მიღებული ხმები დაუკარგეს, რადგან ხელისუფლებას მისი საკრებულოში შესვლა არ აწყობს. თუმცა, მან მეორე დღესვე ამცნო საზოგადოებას, რომ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა.
„გუშინ ცოტა ავჩქარდი და განვაცხადე, რომ „ტაიმ-აუტს“ ვიღებ, რაც დღეს გაავანალიზე და გადავიფიქრე. ქუთაისი ოპოზიციის გარეშე არ შეიძლება, არ შეიძლება სრული კომფორტი შევქმნათ მთავრობისთვის. ამიტომ ვბრუნდები პოლიტიკაში. ვალდებული ვარ, დავიცვა ამომრჩევლის ხმა, რომელმაც მხარი დამიჭირა", - განაცხადა წულაიამ.
იმედიანად ელოდა ცესკოს საბოლოო შედეგს გიორგი ჭიღვარია, თუმცა 22 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში მაინც მოუხდა მეორე ტურზე განცხადების გაკეთება. მისი განცხადებით, მისთვის გამოწვევა იყო პარტიისთვის მნიშვნელოვნად არ გაესწრო. ხოდა, ამ „შიშებში“ პარტიას ერთი ტურით ჩამორჩა.
"მიღებული ხმების რაოდენობა ჩვენი კარგი მუშაობის შედეგი არის. ჩვენ გაცილებით მეტი ხმა მივიღეთ, ვიდრე თვითმმართველობის წინა და ასევე გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. 2 წელია არაა გასული, რაც მე პარტიის თავმჯდომარე ვარ, სანერვიულო იყო ის, რომ მე არ გამესწრო ჩემი პარტიის შედეგისთვის, ამიტომ ჩემს გუნდთან ერთად სწორედ ამისთვის ვმუშაობდით, რომ პარტია ყოფილიყო პირველ ადგილზე", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
ქუთაისის ათივე სამაჟორიტარო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. საკრებულო სამპარტიულია, მმართველ გუნდის 19 წარმომადგენელთან ერთად 25 წევრიან საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ 4 და „ევროპული საქართველოს“ 2 წევრი შევიდა.
ორი დღე დასჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაწყვეტილების მისაღებად. 23 ოქტომბრის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ. მიზეზად არათანაბარი და უსამართლო საარჩევნო გარემო დაასახელეს, თუმცა საკრებულოში შესვლაზე უარი არ უთქვამთ.
რამდენიმე დღის განმავლობაში იხილავდა ქუთაისის #59–ე საოლქო კომისია საჩივრების. სულ 42 საჩივარი დაიწერა, რომელთაგან რამდენიმე განხილვის გარეშე მოიხსნა დღის წესრიგიდან, რის მიზეზადაც საჩივრების უმეტესობა უბნებზე არსებულ დარღვევებს და ხმების გადათვლის მოთხოვნას მოიცავდა. საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა „საიას“, „სამართლიანი არჩვნების“, „ლეიბორისტული პარტიის“ და საარჩევნო ბლოკის საჩივრები. მიზეზად საჩივრის არასაართლებრივი საფუძველი დასახელდა. განხილვას ხმაური მოყვა „ლეიბორისტული პარტიის“ მხრიდან. მერობის კანდიდატმა სამსონ გუგავამ კომისია ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა და სამართლის საძებნელად საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა საქალაქო სასამართლომ მისი საჩივარიც, „საიას“ და გაერთიანებული ბლოკის საჩივარის მსგავსად არ დააკამყოფილა. „საიამ“ ხმების გადათვლის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს მიმართა, თუმცა სააპელაციო სასამართლომაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და „საიას“ მოთხოვნა არ დააკამყოფილა.
საბოლოო შედეგები გამოცხადდა იმერეთის მასშტაბით. 11 მუნიციალიტეტმა არჩევანი 21 ოქტომბერსვე გააკეთა და პირველად, გამგებლის ნაცვლად მერი აირჩია. ყველაზე მეტი ხმა, დაახლოებით 83%, მმართველი გუნდის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ საჩხერეში მიიღო.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ამომრჩეველს საარჩევნო ყუთთან განმეორებით მისვლა ქუთაისის გარდა 5 მუნიციპალიტეტში მოუწევს. ქუთაისში წინასაარჩევნო კამპანია და ამომრჩევლებთან შეხვედრები ნაკლებად შეიმჩნევა, საარჩევნო შტაბი „გარანტირებული შედეგის“ იმედიდ არ აქტიურობს. ცნობილია ვინ გახდება ქუთაისის მერი, თუმცა უცნობია ამომრჩელთა რამდენი პროცენტის ლეგიტიმაცია ექნება გიორგი ჭიღვარიას.
ქუთაისში პირველ ტურში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან მონაწილეობა 54 000 მიიღო, რაც 35%–ია, სავარუდოდ, არსებული სტატისტიკის მიხედვით, მეორე ტურში ნაკლები ამომრჩეველი მივა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი