თვითმმართველობის მეორე ტურში მონაწილეობა 1 024 406-მა ამომრჩეველმა მიიღო
თვითმმართველობის მეორე ტურში მონაწილეობა 1 024 406-მა ამომრჩეველმა მიიღო, საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის აქტივობა 49,9%-ია, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება დედაქალაქს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 478 642 ამომრჩეველმა, რაც 47,7%-ია.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ რაჭა-ლეჩხუმშია - 59,9%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთშია - 43,2%.
ნათია იოსელიანის თქმით, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი.
„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო - ხმის დათვლის ეტაპი. მინდა მოვუწოდო ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები. საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge“, - განაცხადა იოსელიანმა.
ავტორი: ნიუპრესი