"უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ბოლო წუთზე პენალტი ავიღე"-როინ კვასხვაძე
ეროვნული ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე როინ კვასხვაძეს დიდი წვლილი მიუძღვის.
მაშინ, როცა თბილისის დინამოს ჩემპიონობისთვის ფრეც კმაროდა, "ტორპედოსა" და საქართველოს ნაკრების 29 წლის მეკარემ გუნდი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ორჯერ გადაარჩინა: ჯერ აკაკი შულაიას უძლიერესი დარტყმისას, ბოლოს კი ოთარ კიტეიშვილის პენალტზე.
„ეს საოცნებო დღე იყო. შესაძლოა, ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ მოხდეს. თუმცა, იმედი მაინც მაქვს, რომ ჩემს კარიერაში მსგავს ბედნიერ წუთებს კიდევ განვიცდი. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ბოლო წუთზე პენალტი ავიღე და ჩემი "ტორპედოს" წარმატებაში დიდი წვლილი შევიტანე. პირადად ჩემი კარიერიდან მსგავსი თამაში არ მახსენდება. ალბათ, ასეთივე დაძაბული თამაში იყო 15 წლის წინ, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი და ბოლო ტურში ქუთაისში "ტორპედომ" "დინამო" 1:0 დაამარცხა. ეს სიხარული მთელი ქუთაისის წარმატება და სიხარულია და ამიტომ ყველას ვულოცავ - ჩვენ ჩემპიონები ვართ!“,-აღნიშნავს როინ კვასხვაძე ლელოსთან საუბრისას.
ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის გამარჯვებული ბოლოს 2002 წელს გახდა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე