უცხოურ ბირჟებზე ოქროს ფასი მნიშვნელოვნად მცირდება
მარტის პირველ ორ კვირაში ოქროს ფასი მნიშვნელონად არ შეცვლილა. 2021 წლის 15 მარტის მდგომარეობით ტროის უნციაზე ფასმა $ 1,732 შეადგინა.
უცხოურ ბირჟებზე ოქრომ გაიაფება დაიწყო. იანვრის დასაწყისში ფასი 1958 დოლარს შეადგენდა.
ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ეჭვობს, რომ საფასო ცვლილება ბაზარზე სპეკულაციური ცვლილებით არის განპირობებული. მისი შეფასებით, ოქროს ფასი ეცემა და ამ მომენტში მის ფუნქციებს ითავსებს კრიპტოვალუტა ბიტკოინი, რომლის ღირებულებამ უკვე 50 000 დოლარს მიაღწია.
ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ფასმა უკვე მცირე მაჩვენებლით იკლო. agora.ge-ს მონაცემით, ყველაზე დაბალი, 337 სინჯის ოქრო 43,39 ლარია, ფასი 1,11%-ით არის შემცირებული, ხოლო დაახლოებით ამ მაჩვენებლით შემცირდა უმაღლესი ხარისხის, 999 სინჯი ოქროს ფასი და ამ ეტაპზე 115,60 ლარს შეადგენს.
2020 წელს მსოფლიოში მოთხოვნა ოქროზე შემცირდა და ამჟამად ბოლო 11 წლის მინიმუმზეა. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს ძვირფას ლითონზე ინვესტიციების მოთხოვნილება რეკორდულად იზრდებოდა.
2020 წლის განმავლობაში პანდემიის გამო შექმნილი გაურკვევლობის მიზეზით ოქროში ინვესტირება 40% -ით გაიზარდა და მიაღწია 1,77 ათასი ტონას.
ოქროს ფასი დოლარში 2020 წელს გაიზარდა 25% -ით. წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი უნციაზე გაუტოლდა 1,89 ათას დოლარს.
2020 წელს ოქროს მარაგი მსოფლიოში 4% -ით შემცირდა, რაც 2013 წლიდან ყველაზე დიდი წლიური შემცირებაა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოქროს წარმოება მცირდება, რამაც მისი დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს. თუ ასე მოხდა, ოქრო გაძვირდება.
გლობალურ ბაზრებზე ოქროს გაძვირების ტენდენცია ქართულ ბაზარზეც აისახა. მაგალითისთვის, ქორწინების ბეჭდის ფასი საქართველოში გაორმაგებულია. მაღალი, 999 სინჯის, დაახლოებით 10 გრამიანი საქორწინო ბეჭდის ფასმა 2000 ლარს მიაღწია, ხოლო შედარებით ნაკლების სინჯის ამავე მოცულობის ბეჭდის ღირებულება დაახლოებით 1800 ლარს შეადგენს, როცა 1 წლის წინ ფასი 50%-ით ნაკლები იყო.
report.ge
ავტორი: ნიუპრესი