|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცვლილებები, რომლებიც საბანკო-საფინანსო სფეროში იგეგმება

უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის შემთხვევაში, ფულადი სახსრების გადაცემა უნდა განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

პრეზენტაციაზე, რომელიც ეხებოდა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს საბანკო-საფინანსო სფეროში, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი სიახლე. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის შემთხვევაში, ფულადი სახსრების გადაცემა უნდა განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

„იყო ე.წ შავი საკომისიოების შემთხვევები. მაგალითად, როდესაც ე.წ. მევახშე მსესხებელს სესხის სახით აძლევდა 80 ათასს, რეალურად კონტრაქტში აფიქსირებდა 100 ათასს. ანუ, ხდებოდა საკომისიოს წინასწარ გადახდა ისე, რომ კონტრაქტში მითითებული იყო, როგორც კრედიტის თანხა. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და მომხმარებლების უფლებების პირდაპირი დარღვევა. ჩვენ რომ გამოვრიცხოთ მსგავსი საქმიანობა და გავხადოთ უფრო ტრანსპარენტული, ის ადამიანები, ან ის იურიდიული პირები, რომლებიც მოექცევიან ახალ რეგულაციაში და ექნებათ უფლება განახორციელონ ასეთი ტრანზაქციები, ანგარიშსწორება უნდა განახორციელონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, რათა გამოვრიცხოთ ასეთი დარღვევები,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

 ფინანსთა მინისტრმა თბილისის მედიათეკაში გამართულ პრეზენტაციაზე საბანკო-საფინანსო სფეროში დაგეგმილ სხვა საკანონმდებლო ინიციატივებზეც ისაუბრა. 

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეფორმა ითვალისწინებს ეკონომიკის დაკრედიტების ახალი ხარისხობრივი სტანდარტების დაწესებას. 

„პირველი ინიციატივა გულისხმობს, რომ დაგირავებული ნივთის გარდა კრედიტორი ვერ შეძლებს სხვა ქონება მოსთხოვოს მომხმარებელს ვადაგადაცილების შემთხვევაში. ეს მავნე პრაქტიკა იყო. მომხმარებელი ხშირად იყო დაუცველი. თუ დავუშვათ ადამიანმა აიღო სესხი, დააგირავა ნივთი, შემდეგ მოხდა ვადაგადაცილება და შემდეგ უკვე სხვა ქონებაზე ვრცელდება ეს ვალდებულება, ეს არის ცუდი პრაქტიკა. მაშინ რა აზრი აქვს უზრუნველყოფის სესხს თუ კრედიტორს ისედაც ექნება უფლება სხვა ქონებაზე მოსთხოვოს პასუხი. 

რეფორმის მიხედვით, თანხის გადაუხდელობის გამო, დაყადაღდება მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე;
იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების - ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება;

ეს არარეგულირებადი სფერო იყო, სადაც მომხმარებლების ინტერესების დარღვევის მნიშვნელოვან შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. 

 

მინისტრის თქმით, ასევე სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დღეს შეადგენს 100%-ს, მცირდება 50%-მდე;


გვქონდა შემთხვევები, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებაში იწერებოდა პროცენტი, თუ რა პროცენტი უნდა გადაეხადა მომხმარებელს, შემდეგ ჩნდებოდა სხვა ტიპის ხარჯები. მაგალითად, სესხის გაცემის საკომისიო, იურიდიული მომსახურების საკომისიო და რეალურად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოდიოდა უფრო მაღალი. ეს მიუღებელი პრაქტიკაა.

აქედან გამომდინარე, ყველა ინსტიტუტი, ვინც დაკავებული იქნება ფინანსური საქმიანობით, ის ვალდებული იქნება კონტრაქტში დააფიქსიროს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა ხარჯით და ის არ უნდა აღემატებოდეს წლიურ 50 პროცენტს.

ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად, არ გადააჭარბებს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას; 

წესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე და განისაზღვრება წლიური 98.55%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული წლიური 150%-ისა. ზღვარის დაწესებით აღნიშნული ხარჯების ლიმიტი მცირდება 51.45%-ით;


მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს, ე.წ. ლომბარდებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, სადაც აღირიცხება ყველა დაგირავებული ნივთი; დღეს რა პრაქტიკაც არის გამჭვირვალობის ხარისხი არის ძალიან დაბალი, და ამასთან, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევებში ლომბარდების საქმიანობა კრიმინალის წამახალისებელი გახდა, ვინაიდან სხვადასხვა მოპარული ნივთები აღმოჩენილა ლომბარდში.

ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა.

აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე - ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.

ცვლილებები, რომელიც სესხის გაცემას, ჯარიმებსა და სანქციებს შეეხება



წყარო: bpm.ge 

ავტორი: ნიუპრესი