|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელმა მოინახულა

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეწვია.

 განახლებულ მუზეუმში კარლ ჰარცელს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება.

ვანის ნაქალაქარი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია, აქ მოპოვებულ მასალას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის, მით უფრო, რომ ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ვანი კოლხეთის – ოქროს საწმისის ქვეყნის – რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. მდიდრულ არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, მუზეუმში პირველად არის წარმოდგენილი კოლხური ოქრომჭედლობის დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ. ვანის მუზეუმის რეაბილიტაცია 2020 დასრულდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და უახლესი სტანდარტების დაცვით, მუზეუმში მუდმივმოქმედ და დროებით საგამოფენო სივრცეებთან ერთად, მოწყობილია ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები (კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდები).

ვანის მუზეუმი ანტიკური კულტურის კვლევის საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს.

 

ავტორი: ნიუპრესი