|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის ეკუთვნის ხარების ეკლესია?

 ქუთაისში ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას  სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება. ტაძარს ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესია ფლობს, თუმცა ის სადაოა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის. კათოლიკეები შიშობენ, ტაძრის რეკონსტრუქციის პირობებში არ მოხდეს კათოლიკური კვალის დაზიანება.

ხარების ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, ის 1862 წელს აშენდა. ხარების ეკლესია- მართმადიდებლური  ტაძარი თუ კათოლიკური,  ამასთან დაკავშირებით წლებია,  დავა მიმდინარეობს. ხარების ტაძრის შესახებ მართმადიდებელ ქრისტიანებსა და კათოლიკეებს შორის დავა 30 წელია გრძელდება. სასამართლომ ტაძარი მართმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნა.

 საკითხთან დაკლავშირებით ქუთაისის ისტორიულ არქივში მნიშვნელოვანი დოკუმენტები ინახება. ინფორმაცია არქივის ხელმძღვანელმა  მერაბ კეზევაძემ მოგვაწოდა.

ისტორიული ფაქტი ასეთია, -  ქუთაისში დასავლეთ ევროპელი კათოლიკები მე-17 საუკუნიდან დამკვიდრდნენ, მეფე სოლომონ II-მ  ახალციხიდან ქართველი კათოლიკე ვაჭრები გადმოასახლა.

1640-იან წლებში იმერეთის მეფემ ალექსანდრე III-, თეატინელ მისიონერებს წმ.სოფიოს ეკლესია გადასცა, რომელიც როგორც ჩანს, 1692 წელს თურქების მიერ ქალაქის გადაწვისას განადგურდა.

 1770 წლამდე კათოლიკებს ეკლესია მწვანე ყვავილაზე ქონდათ, შემდეგ  უსაფრთხო ადგილას,- შუა ქალაქში, მდინარე რიონის პირას შეიძინეს მიწა, სადაც უკვე სახლობდა რამდენიმე  კათოლიკე ოჯახი და იქ ხის ახალი ეკლესია ააშენეს.

1819 წელს, ამ ადგილას ქვის ეკლესიის შენება დაიწყეს. ერთ ხანს შეწყვეტილი მშენებლობა 1846 წელს წინამძღვრის დონ ანტონ გლახაშვილის  ინიციატივით განახლდა.  1856 წელს  მშენებლობა ქუთაისის საგუბერნიო  არქიტექტორის  ვასილიევის  ახალი პროექტით გაგრძელდა.

ტაძარი 1862 წელს  ეკურთხა  წმინდა ქალწულ  მარიამის  უბიწოდ ჩასახვის  სახელზე.

1939 წლის შემდეგ ნაგებობა საწყობად, მოგვიანებით კი  საკონცერტო დარბაზად გამოიყენებოდა.

1989 წლიდან იგი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა და ღვთისმშობლის ხარების სახელზეა ნაკურთხი.

  დიდი კვარგუმბათოვანი  ნაგებობის გუმბათი ორ ბურჯსა და საკურთხევლის აფსიდის კედლებს ეყრდნობა. დასავლეთის  კედლის მთელ სიგანეზე  გალერეაა მოწყობილი. მის ზემოთ, მცირე გალერეაზე, რომელსაც ოთხი საყვირიანი ანგელოზის თაბაშირის ქანდაკებები ამკობს, ორღანი იდგა. სამხრეთ და ჩრდილოეთ  კედლებთან  კლასიცისტური სტილით შესრულებული  ორი ტრაპეზია მოწყობილი, სადაც განთავსებული იყო ლურდის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გარდამოხსნა,  თაბაშირისგან დამზადებული, შეღებილი ქანდაკებები.  ეკლესიის წინ სტეფანე და იოსებ ყაუხჩიშვილების  საფლავია შემორჩენილი. კათოლიკური სასაფლაო ეკლესიის სამხრეთით, ბაღად არის ქცეული.

 

                                            

                                                          ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული ფოტო

ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მასში ამჟამად მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა აღევლინება. თუმცა, ინტერიერში კათოლიკური ელემენტების უმრავლესობა შენარჩუნებელია. 

    

ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის პადრე გაბრიელ ბრაგანტის განცხადებით, იმ დროს როდესაც შენობა უფუნქციოდ იყო, მისი კათოლიკებისთვის გადმოცემის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა. მისი თქმით, მართმმადიდებელმა ეკლესიამაც მაშინ დაწერა განცხადება, რომ შენობა მათ საკუთრებაში გადასულიყო. თემურ შაშიაშვილის მერობის პერიოდში, აღმოჩნდა ისე, რომ უპირატესობა მართმადიდებელ ეკლესიას მიენიჭა.

პადრე გაბრიელის განცხადებით,  ყველა ისტორიული ფაქტი მიუთითებს იმას, რომ ტაძარი კათოლიკურია. მართმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკეებს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდა. ქუთაისის სასამართლომ გადაწყვეტილება მართმადიდებლური ეკლესიის სასარგებლოდ გამოიტანა და ტაძარი  საკუთრებაში მათ გადასცა. პადრე გაბრიელ ბრაგატინის განცხადებით, ამის შემდეგ ისინი სარჩელის შეტანას სტრასბურგში გეგმავდნენ, თუმცა იმის გამო, რომ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის ურთიერთობები არ გაფუჭებულიყო, თავი შეიკავეს.

"მე-17 საუკუნეში ერთ-ერთი ხის ტაძარი იყო, რომელიც სოლომონ მეფემ მისიონერებს უბოძა. ტაძარი იყო ხის და საჭიროებდა რეკონსტრუქციას. მოგვიანებით, მის გვერდით აშენდა ქვის ტაძარი. ტაძრის მშენებლობა 1826 წელს დაიწყო და დიდხანს გაგრძელდა. რუსეთის იმპერიიდან, ერთი პერიოდი, ყველა კათოლიკე სასულიერო პირი განდევნილი იყო, ამიტომ ტაძრის მშენებლობა 1862 წელს დამთავრდა. 1939 წლის შემდეგ ამ ტაძარში კათოლიკური წესით მსახურება არ ჩატარებულა. არსებობს ყველა დოკუმენტი და ფაქტი იმისა, რომ ტაძარი კათოლიკურია, თუნდაც ის, რომ ტაძრის ეკლესიის ეზოში კათოლიკეები არიან დაკრძალული.

ბევრჯერ გვქონდა მართლმადიდებლურ მხარესთან შეხვედრები, სანამ სასამართლომდე მივიდოდა საქმე, თუმცა ამ შეხვედრებს შედეგი არ გამოუღია. ჩვენი მხრიდან იყო ძალიან ბევრი დათმობა, თუმცა მათი მხრიდან არაფერი“, - ამბობს პადრე გაბრიელი.

აუდიო ჩანაწერი- ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პადრე გაბრიელ ბრაგანტი

საკითხთან დაკავშირებით განსვავებული მოსაზრება აქვთ ადგილობრივი მართლმადიდებლებს. მათი თქმით, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ტაძარს კათოლიკეები დაეპატრონნენ და შემდეგ გადააკეთეს ეკლესია. მათივე თქმით, ტაძარი მართლმადიდებლური არქიტექტურით არის აშენებული. ისინი მიიჩნევენ, რომ კათოლიკეების მიერ ტაძრის ჩრდილოეთი და სამხრეთი კარები ამოიქოლა და იქ დაიდგა ის სკულპტურები, რასაც ახლა ვხედავთ,  მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ქანდაკებები.

 

 აღნიშნული ტაძრის ისტორიას მართლმადიდებლური მხარე შემდეგნაირად მოგვითხრობს:

„ეს ადგილი ოდითგანვე მეფეთა საცხოვრებელი იყო, საზაფხულო რეზიდენცია, სადაც სამეფო სასახლე არსებობდა. შესაბამისად, სამეფო კარს თავისი სალოცავი და ეკლესია ჰქონდა. ამ ადგილას იდგა ხის ეკლესია, რომელიც შემდეგ გაუგებარ ვითარებაში გადაიწვა. ალექსანდრე მეფის დროს დროებით თავშესაფრად გადაეცა კათოლიკე სასულიერო პირებს, რაც ალექსანდრე მე-3-ის ძალიან დიდი შეცდომა გახლდათ, რადგან მას, კანონიკის მიხედვით, არ ჰქონდა  უფლება, რომ ეკლესიები სხვა აღმსარებლობის მიმდევართათვის გადაეცათ. ცნობილია, რომ კათოლიკურსა და მართლმადიდებლურ სამყაროს შორის განხეთქილებაა და კანონიკით აკრძალულია, ჩვენ ეკლესია-მონასტრები მათ გადავცეთ. ამის შემდეგ გაუგებარ სიტუაციაში გადაიწვა ეკლესია და შემდეგ, მეფის რუსეთის მთავარმართებელ ვორონცოვის პერიოდში აშენდა ეს ტაძარი“, - დეკანოზი ბესარიონ ხვისტანი.

როგორც უკვე აღინიშნა, 90-იან წლებში სასამართლომ ქუთაისის სადავო ტაძარი მართლმადიდებლებს გადასცა. დეკანოზის თქმით, 90-იან წლებში აღდგა საღმრთო სამართლიანობა და ტაძარი ისევ მართმადიდებლებს დაუბრუნდათ. 

ამ ეტაპისთვის ხარების  ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს

მართმადიდებლური ეკლესია აცხადებს, რომ ტაძრის მხოლოდ სახურავის რეკონსტრუქცია იგეგმება.  როგორც ტაძრის წინამძღვარმა, მამა  ირაკლიმ განაცხადა, ეკლესიის მხოლოდ სახურავის შეკეთება იგეგმება, ვინაიდან  დაზიანებულია და ტაძარში წვიმა ჩამოდის. ხარების ეკლესიის წინამძღვრის განცხადებით,  რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის სამსახურთან შეთანხმებულად ხორციელდება. 

 „ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მოხდეს რესტავრაცია, ვინაიდან ტაძარში წყალი ჩამოდის. სამუშაოების შესახებ ინფორმირებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგემტო",-განაცხადა მამა ირაკლიმ. დეკანოზ ბესარიონ ხვისტანის თქმით, ადრე ტაძარში კულტურის ცენტრი იყო გახსნილი და მას მიუსადაგეს სიჭრელე. მისივე თქმით, კედლები უნდა გასუფთავდეს, ვინაიდან გამოჩნდეს  ტაძრის ძირძველი სახე.

კათოლიკური მხარე იმედოვნებს, რომ ტაძრის მხოლოდ სახურავი შეიცვლება და არ მოხდება შენობის იერ-სახის შეცვლა.

   

  

                                           სად გაქრა ტაძარში  არსებული ორღანი? 

ტაძარში დამონტაჟებული იყო ორღანი, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს უკვალოდ გაქრა.

ორღანის მისტიკურ გაქრობაზე საუბრობს ორღანისტი ეთერ მგალობლიშვილი. ორღანისტის ცნობით, ძვირადღირებული ორღანი რომელიც უცნაურად გაქრა,  თავდაპირველად პროტესტანტურ ეკლესიაში მდებარეობდა, რომელიც თბილისში იდგა. ეკლესიის დანგრევის შემდეგ, 20-30-იან წლებში,  ორღანი მოხვდა თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მოგვიანებით თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სწორედ აქედან ის გადაიტანეს ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში.

"1971 წელს ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 100 წლის აღსაღნიშნად გამართულ ზეიმზე, ინსტრუმენტი სავალალო მდგომარეობაში იყო. მილების უმრავლესობა დეფორმირებული და მოშლილი. 1975 წელს ინსტრუმენტის რეკონსტრუქცია სპეციალისტებმა შეუძლებლად მიიჩნიეს. 1989 წელს შეგვატყობინეს, რომ ორღანის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, მაგრამ როდესაც ჩვენგან მივლინებული ოსტატები ადგილზე გამოცხადნენ,  ორღანის კვალიც კი არ დახვდათ. გვაქვს ცნობა, რომ მისტიკურად გამქრალი ინსტრუმენტისგან შემორჩენილი ნაწილის ფრაგმენტი ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ინახება“,-აცხადებს ორღანისტი ეთერ მგალობლიშვილი.

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში გვიდასტურებენ, რომ ორღანის ფრაგმენტი იქ ინახება, თუმცა მხოლოდ ფრაგმენტი. დანარჩენი ნაწილები უკვალოდ გაქრა.

არსებობს მოსაზრება, რომ „მისტიკურად“ გამქრალი ძვირადღირებული ორღანი საზღვარგარეთ გაიყიდა, თუმცა შეესაბამება თუ არა ფაქტი სინამდვილეს, უცნობია. საკითხთან დაკავშირებით ხარების ეკლესიის წინამძღვართან გასაუბრება არ მოხერხდა.

 

  

სტატიისთვის გამოყენებული მასალები:

ქუთაისის ისტორიული არქივი

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის  დოკუმენტები

გუგლის საძიებო სისტემა 

 ამ თემაზე:  "ხარების ეკლესიის" რეაბილიტაცია დაიწყო

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი