ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი ქარხანის მშენებლობა მიმდინარეობს
ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი ქარხნის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. ახალი ქარხნის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესი დახურული ციკლით წარიმართება და საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება.
წლების მანძილზე მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყალი, შლამთან ერთად, პირდაპირ მდინარე ყვირილაში ჩაედინება.
ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად კი, კომპანიას 14 პუნქტიანი ვალდებულება აქვს აღებული, რომელთა შორის ტერიტორიების რეკულტივაციის პროცესიც არის.
მიმდინარე სამუშაოები ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ადგილზე გაეცნენ. კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოები ასევე, დაათვალიერა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხარ მახათაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ. მათ ყველა ის კრიტიკული წერტილი მოინახულეს, რომელიც სამთო მოპოვების პროცესს უკავშირდება.
ავტორი: ნიუპრესი