ჭიათურაში მოშიმშილე ახალგაზრდების საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო
ჭიათურაში, პოლიციის შენობის წინ ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება. მეთხუთმეტე დღეა სამი ახალგაზრდა შიმშლილობს, რის გამოც მათი მდგომარეობა დამძიმდა. ერთ-ერთი მოშიმშილის ძმის დავით ჭუმბურიძის განცხადებით, მდგომარეობის დამძიმების გამო, ორი ახალგაზრდის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მისი თქმით, ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"გუშინ ორი ახალგაზრდა გადავიყვანეთ საავადმყოფოში. მდგომარეობა მძიმეა, წუხელ დავტოვეთ საავადმყოფოში ექიმების კატეგორიული მოთხოვნის გამო, მაგრამ დღეს ისევ აპირებენ მივიდნენ პოლიციის შენობასთან. პროტესტი გრძელდება და დროა უკვე შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ გადაწყვეტილება"-აცხადებს დავით ჭუმბურიძე.
შეგახსენებთ, მოშიმშილეები ამბობენ, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა. რვა ადმინისტრაციული წესით გასამართლდა და გამოუშვეს, ერთ-ერთ მათგანს, თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ისინი მეგობრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიცია ახალგაზრდებს თანამშრომლობას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით ემუქრებოდა.
ფაქტს ქუთაისის საოლქო პროკურატურა იძიებს.
ავტორი: ნიუპრესი