ჭიათურაში პერევისას მაღაროში თანამშრომელმა ცვლის უფროსი დაჭრა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში პერევისას მაღაროში თანამშრომელმა ცვლის უფროსი დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცმა ცვლის უფროსს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჭიათურის პროფკავშირების უფროსის ინფორმაციით, დაპირისპირება, სავარაუდოდ, სოციალური ნიადაგზე მოხდა, მაღაროების რამდენიმეთვიანი გაჩერების გამო თანამშრომლების გათავისუფლება მიხდა, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
მომხდარი ფაქტის შემდეგ ინციდენტში მონაწილე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი, საჩხერის პოლიციაში გამოცხადდა, სადაც პოლიციელს თავს დაესხა, არსებული ინფორმაციით, პოლიციელი, რომელსაც თავს დაესხნენ, საჩხერის პოლიციის უფროსია.
თავდასხმის მიზეზი უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციაში მისულ პირზე სამართალდამცველებმა იძალადეს, რასაც საპასუხო თავდასხმა მოყვა.
მომხდარზე არ საუბრობენ პოლიციაში. თანამშრომლის მიერ დაჭრილი ხვიჩა ცაცვიძე ჭიათურაში ჯეოჰოსპიტალის კლინიკაშია მოთავსებული. მას ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ბ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი