ჭიათურელთა საპროტესტო აქციამ, შესაძლოა, თბილისში გადაინაცვლოს
ჭიათურაში მოშიმშილეების მდგომარეობა დამძიმდა- აღნიშნულის შესახებ "ნიუპრესს" ერთ-ერთი მოშიმშილის ძმამ დავით ჭუმბურიძემ განუცხადა.
ჭიათურაში ადგილობრივი პოლიციის უფროსის გადადგომისა და ერთი დაკავებულისათვის ბრალის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით სამი ადგილობრივი შიმშილობს.
აქციის მხარდამჭერების თქმით, ოფიციალური უწყებიდან არანაირი გამოხმაურება არ არის, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ აქციამ თბილისში გადაინაცვლოს.
"მოშიმშილეების მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რაც ბუნებრივია, რადგან უკვე შიმშილობის მეცხრე დღეა. შაქარი ძალიან დაბლა აქვთ დაწეული, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა შეთავაზეს, გადავიდნენ საავადმყოფოში, ან მიიღონ მედიკამენტები, რაზეც უარს აცხადებენ. ძალიან ვღელავთ მათი მდგომარეობის გამო, მაგრამ სანამ მათ მოთხოვნებზე რაიმე რეაგირება არ იქნება, არ აპირებენ შიმშილობის შეწყვატას. ჩვენ ხელმოწერებიც შეგროვებული გვაქვს და ვფიქრობთ, მივმართოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ან პრემიერ-მინისტრს, გადავინაცვლოთ თბილისში, კანცელარიასთან, რადგან აქ არანაირი გამოხმაურება არ გვაქვს", - განაცხადა დავით ჭუმბურიძემ.
აქციის მხარდამჭერები საკითხთან დაკავშირებით გუშინ ჭიათურის მერს შეხვდნენ, რომელიც მათი თქმით, გუბერნატორის საქმის კურსში ჩაყენებას დაპირდა. საკითხთან დაკავშირებით ესაუბრნენ მაჟორიტარ დეპუტატსაც.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი შსს-მ ერთხელ უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავების მხრიდან გადაცდომა არ ყოფილა.
ავტორი: ირინა მაკარიძე