|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის მოსახლეობა მუნიციპალიტეტისათვის ქალაქის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს

ჭიათურის მოსახლეობა მუნიციპალიტეტისათვის ქალაქის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს. აღნიშნული თხოვნით, ერისთავისა და მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თეიმურაზ გაფრინდაშვილს მიმართეს. 
 
აღნიშნული ქუჩების მოსახლეობა თავის მიმართვაში მაჟორიტარობის კანდიდატს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მუნიციპალიტეტისათვის ქალაქის სტატუსის დაბრუნების გარდა, მათ ქუჩებზე არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთხოვს. რაც შეეხება პრობლემებს, ადგილობრივები აღნიშნულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, დასუფთავების სამსახურის გამართულ მუშაობას,  დასასვენებელი ადგილების კეთილმოწყობასა და წყლის საკითხის მოწესრიგებას ითხოვენ.
 
„ჩვენ თქვენთან ვართ ბატონო თემურ. თქვენი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში გვჯერა და გამოვთქვამთ ჩვენს სურვილს, რაც ყოველდღიურია ჩვენს ცხოვრებაში,  ჩვენი ოჯახებისათვის. ბატონო თემურ, გაითვალისწინეთ, გენდობით ამ საქმეების და პრობლემების მოგვარებაში. გთხოვთ შეხვედრას ადგილზე, უბნის მაცხოვრებლებთან,“ - ნათქვამია განცხადებაში. 
ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტს ამომრჩეველთან და ჭიათურის მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია წარმოადგენს. რაც შეეხება ერისთავისა და მუხაძის ქუჩებზე მაცხოვრებელთა მოთხოვნას, თეიმურაზ გაფრინდაშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მისი პარლამენტში საქმიანობის მიზანი ჭიათურისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაბრუნება, ასევე, ჭიათურის თითოეული სოფლისა თუ თითოეული ქუჩის მაცხოვრებელთა პრობლემაზე რეაგირება იქნება.

ავტორი: