ჭიათურის პოლიციის შენობასთან ადგილობრივებმა აქცია გამართეს
ჭიათურის პოლიციის შენობასთან ადგილობრივებმა აქცია გამართეს. ისინი დაკავებული მამაკაცის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ედავებიან- ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ასევე პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მას მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.
დაკავებულის მეუღლის ეკატერინე კაციტაძის განცხადებით, მისი მეუღლე ნაცემია.
როგორც "ნიუპრესს" შსს-ში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირი სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს. რაც შეეხევა ერთ პირს, რომელიც ამჟამად დაკავებულია, მას პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვა საკითხებთან დაკავშირებით პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.
რაც შეეხება სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას, აღნიშნულს უწყებაში არ ადასტურებენ.
ავტორი: ნიუპრესი