წყალბურთში ქუთაისის ჩემპიონი პირველი საჯარო სკოლის გუნდი გახდა
საცურაო კომპლექს "ლაგუნაზე" სასკოლო პირველობის ფინალური მატჩი და ტურნირის დახურვა გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი დაესწრო, რომელიც ამავდროულად იმერეთში სპორტის საწყლოსნო სახეობების ფედერაციის პრეზიდენტია.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს ქუთაისის პირველი და ოცდამეთექვსმეტე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება ამჯერად პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ფინალში გასული გუნდები საკრებულოს თავმჯდომარემ და სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ოლიმპიური პრიზის მფლობელმა, მიხეილ გიორგაძემ მედლებითა და თასებით დააჯილდოვა.
საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი ფინალური მატჩის დაჯილდოების ცერემონიალს შვილებთან ერთად დაესწრო.
ავტორი: ნიუპრესი