|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს ბალნეოცენტრს, შესაძლოა, საერთაშორისო ლიცენზია მიენიჭოს

 წყალტუბოში ბალნეოცენტრების წარმომადგენლებს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა წყალტუბოს, როგორც ბალნეოკურორტის განვითარება იყო. ლაგვილავამ ადგილობრივებისგან ის მთავარი პრობლემებიც მოისმინა, რაც წყალტუბოს, როგორც კურორტული ზონის განვითარებას, აფერხებს.
 
  შეხვედრის მონაწილეების მხრიდან საერთაშორისო ლოცენზიის არარსებობა დასახელდა მთავარ გამოწვევად.
"ქვეყანაში არ გვაქვს მსგავსი ტიპის არც სალიცენზიო და არც სანებართვო პირობები. არც სარეაბილიტაციო მომსახურებების სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება ხდება. ჩვენ, სამინისტრო ვცდილობთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, რაც არის საჭირო ყველანაირი საჭიროებები დავაფინანსოთ. ასევე, ვცდილობთ არსებული ბიუჯეტით მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ ჯანდაცვითი საკითხების მოგვარება"- აღნიშნა მაია ლაგვილავამ.
 
 
ბალნეოცენტრების წარმომადგენელთა თქმით, მათ არ გააჩნიათ, როგორც სახელმწიფოს ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული და მინიჭებული ლიცენზიები, რაც ბიზნესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრის "ბიჰელსის" ექიმის თქმით, მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს ცენტრის ლიცენზირების საკითხი იმისთვის, რომ წყალტუბო მსოფლიო ასპარეზზე გავიდეს.
 
 
"ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ გავიდეთ მსოფლიო ასპარეზზე და წყალტუბო შევიდეს ევროპული კურორტების სიაში - ეს საკითხიც დადგა ჩეხი კურორტოლოგების მიერ და ამიტომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვესაჭიროება სახელმწფოს მხრიდან. კერძო მფლობელები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ - დღეს ევროპული დონის ბალნეოლოგიური ცენტრი გვაქვს, ევროპული დონის სასტუმროები გვაქვს და უცილებელია წყალტუბოში განვითარდეს ევროპული დონის ინფრასტრუქტურაც" - ამბობს მარინა შავიანიძე.
წყალტუბოს ბალნეოცენტრის წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ პრაქტიკა საეთაშორისო ლიცენზიის მინიჭების თაობაზე სწორედ, მათი მუნიციპალიტეტის მაგალითზე დაინერგება.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი