|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა იწყება

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა და უახლოეს მომავალში წყალტუბოში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყება, სადაც ბინას 560 დევნილი ოჯახი მიიღებს.
მამუკა ცოტნიაშვილი წყალტუბოში იმ დევნილ ოჯახებსაც ესტუმრა, რომლებსაც სამინისტრომ სახლები შეუსყიდა, ხოლო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში, 500 ევროს ღირებულების გრანტები გადაეცათ. მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პარალელურად, დევნილებს შემოსავლის წყაროც გაუჩნდათ.
გრანტების დახმარებით დევნილმა ოჯახებმა სხვადასხვა ტიპის საქონელი შეიძინეს. მათ შორის მინი ტრაქტორი საოჯახო მეურნეობისთვის, ინვენტარი ავტო სახელოსნოსთვის, ფუტკრის სკები, და სხვა. იმერეთის რეგიონში ჯამში 100-მდე დევნილი ოჯახი დაფინანსდა.
ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის მიზანს სწორედ დევნილთა საარსებო წყაროების მხარდაჭერა და მცირე ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამჟამად, მიმდინარეობს განაცხადების მიღება პროექტის მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად, ამ შემთხვევაში დევნილ ოჯახებზე 2000 ევროს ღირებულების გრანტები გაიცემა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი