|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

წყალტუბოში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის წინა სასამართლო სხდომა, რომელიც 23 იანვარს იყო ჩანიშნული, გადაიდო. წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით სასამართლოს გამოძიებამ მიმართა. მიზეზი განსასჯელის ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანის მოთხოვნა გახდა.  

ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ  შუამდგომლობას არ ეთანხმება.

"არანაირი საფუძველი არ იყო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის, ამით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლება სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებაზე, ილახება.  ჩვენ ვდავობთ საქმის კვალიფიკაციაზე, თორემ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტს არ უარყოფს, ის ადექვატურია, აცნობიერებს თავის ჩადენილ საქციელს და აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან არ დამდგარა მსგავსი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება", -აცხადებს ადვოკატი ირაკლი შენგელია. 

ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13-წლიდან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრალდების თანახმად, ი.ტ-მ გასული წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე