წყალტუბოში ვიზიტორების მიღებას 13 სასტუმრო შეძლებს
წყალტუბოში სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტ-პანდემიურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ, 13-მდე გაიზარდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნული სასტუმროების მეპატრონეებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის რეგიონის უფროსი გოჩა გიორგიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოტე გვეტაძე შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი.
სასტუმროების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები და მასთან მიმართებაში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სავალდებულო რეგულაციები - ყურადღება გაახვილეს სოციალური დისტანციის დაცვის, დეზინფექციის წესებსა და სხვა აუცილებელ მოთხოვნებზე. განიხილეს უცხოელ ტურისტების მიღებისას არსებული რეგულაციები და ახალი რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოში არსებული სასტუმროები საერთაშორისო ვიზიტორებს იღებდნენ უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან.
ავტორი: ნიუპრესი