ხანდაზმულობის ვადა, შესაძლოა, სესხებსაც ჰქონდეთ
ხანდაზმულობის ვადა, შესაძლოა, სესხებსაც ჰქონდეთ- როგორც პრობლემურ მსესხებელთა ასოციაციაში აცხადებენ, სესხის ხანდაზმულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დადგენილი ვადაა, რომლის გასვლის შემდეგაც, პირი სხვა პირის მიმართ მოთხოვნის უფლებას კარგავს.
„ხანდაზმულობა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან იწყება. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ ან როდესაც მოვალის მიერ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა. თუ ვალდებულების შესრულებიდან 3 წელია გასული, სესხი უკვე ხანდაზმულია.
ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობას ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს. თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის ათვლა თავიდან დაიწყება,“-აღნიშნავენ ასოციაციაში.
მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევაში თუ სესხის გადახდის ვალდებულება ნაწილ-ნაწილ არის განსაზღვრული ან სესხისთვის ყოველთვიური პროცენტია გათვალისწინებული, თითოეული შესრულებისთვის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა დამოუკიდებლად აითვლება.
ავტორი: ნიუპრესი