|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელისუფლება თამბაქოს ინდუსტრიას გაურიგდა?!"

 თამბაქოს კონტროლის ალიანსის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლება თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლით, თამბაქოს კონტროლის შესახებ ახლახან გამკაცრებული კანონის შეცვლას, მეტიც შერბილებას ითხოვს და პარლამენტს ცვლილების ახალ პროექტს სთავაზობს, რომლის მიხედვით საქართველოში თამბაქოს ნაწარმი სადა შეფუთვით რეალიზაციის 4 წლით გადავადებას ითხოვს. 

 „სანდო წყაროზე დაყრდნობით, გამოვააშკარავეთ თამბაქოს ინდუსტრიის მზაკვრული გეგმა, დაბლოკოს ახლად მიღებული თამბაქოს კონტროლის კანონის ერთ-ერთი მთავარი მუხლი, - თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ მუხლების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბერი შეიტანონ.

აღნიშნული პროექტის დამუშავება კონფიდენციალურ გარემოში, ფინანსთა სამინისტროში, ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე მიმდინარეობს და ცდილობენ, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტის ბოლო სესიაზე, ან  სპეციალურად  დანიშნულ სესიაზე დაჩქარებული წესით მიიღონ. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არ მოეწყოს  საჯარო განხილვა, პროცესში არ ჩაერთონ თამბაქოს კონტროლის ექსპერტები და კანონის ავტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საზოგადოება, რათა არაფერმა შეუშალოს ხელი თამბაქოს ინდუსტრიის მზაკვრული გეგმის განხორციელებას.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ გადაწყვეტილება მოზარდთა დაცვის მიზნით მიიღო. თამბაქოს კოლოფების დღევანდელი შეფუთვა უმძალვრესი იარაღია ბავშვების მწეველობაში ჩასათრევად. მოსალოდნელი გადავადებით კი ათასობით ჩვენი ახალგაზრდა კვლავაც დამოკიდებული იქნება ამ სასიკვდილო პროდუქტზე და ეს ტრაგედია არ დასრულდება. ამასთან, თუ თამბაქოს ინდუსტრიას აღნიშნული მცდელობა გაუვა, შესაძლოა, გადავადებები კანონის ყველა სხვა მნიშვნელოვან მუხლსაც შეეხოს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ვარაუდით, საქმე გვაქვს ელიტარულ კორუფციასთან ან არაკომპეტენტურობასთან. ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც ამ გადაწყვეტილების მიღება განუზრახავთ, შესაძლოა არ ესმით რამდენ მოზარდს, ახალგაზრდას გაწირავენ სასიკვდილო პროდუქტზე მიჯაჭვულობისათვის, რამდენად სამარცხვინოდ გამოჩნდებიან არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობის თვალში. ასეთი მზაკვრული გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ხელისუფლებას  დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააგდებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე, მსოფლიო ბანკში და უამრავ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებთან.

მიმდინარე წლის 17 მაისამდე, ვიდრე თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს მივიღებდით, საქართველო თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის მხრივ ჩამორჩენილ ქვეყნად ითვლებოდა. როგორც სჩანს, თამბაქოს ინდუსტრიამ ამ გადაწყვეტილების მიმღებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სამარცხვინო გარიგება შესთავაზა, ან საქმე გვაქვს სრულ არაკომპეტენტურობასთან, როგორც ხშირად მომხდარა, როდესაც დახურულ კარს მიღმა  ისეთი საკითხები წყდება, რომელზეც არჩევანი მოსახლეობის ინტერესებსა და კერძო ბიზნესის მომხვეჭელურ გეგმებს შორის უნდა გაკეთდეს. თამბაქოს ინდუსტრიის დაკვეთით მომზადებულ ცვლილებათა პროექტში შეუფარავად არის აღნიშნული, რომ ცვლილების მიზანია თამბაქოს მწარმოებლების და მისი მომხმარებლების უფლებების დაცვა.

კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის გიორგი  კვირიკაშვილისა და საქართველოს პარლამენტისგან, გასაჯაროვდეს პროცესში ჩართული ყველა პირის ვინაობა, მათი კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან და საქართველოს პარლამენტმა არ დაუშვას ყოველგვარი განხილვის და მსჯელობის გარეშე თამბაქოს ინდუსტრიის მსგავსი გეგმის რეალიზაცია. როგორც ცნობილია, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ყველა მუხლი მომზადდა ამ საქმის უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტთა და საერთაშორისო ორგანიზაციების უშუალო ჩართულობით, საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მაღალი დონით და ახლა, მასში უმნიშვნელოვანესი ცვლილებების შეტანაც კი, მით უფრო ცვლილებაში მონაწილე ყველა მხარის გვერდის ავლით, მალულად, მზაკვრულად, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია.“

 

 

ავტორი: ნიუპრესი