|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

ხერხემალი ადამიანის სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ხერხემლის პრობლემები კი ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ უარყოფით
გავლენას ახდენს. ხერხემლის ტკივილი შეიძლება უკავშირდებოდეს გადაღლილობას, დაჭიმულობას, სიმძიმეების აწევასა და არასწორ
მოძრაობასაც, გარდა ამისა, ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა რომელიმე კონკრეტული დაავადებაც იყოს. დღესდღეობით, უამრავი
ხერხემლის დაავადებაა ჩვენთვის ცნობილი, მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემების რიცხვს მიეკუთვნება:

  • სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება, ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი
    ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს შედარებით მსუბუქად მიჩნეული I და II ხარისხის სქოლიოზი და III და IV ხარისხის - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყობას აზიანებს.
  •  კუზი - მკვეთრად გამოხატული გულმკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის
    გამომწვევ მიზეზებს შორისაა: მალთაშუა დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ხერხემლის ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილისა და სისუსტის შეგრძნება და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.
  • ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების
    დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგადაც.
  • სპონდილოლისტეზი - არის მალების გადანაცვლება, იგივე, დაცურება, დასრიალება. ამ დაავადების დროს ხერხემლის მალა პირდაპირ
    სრიალდება წინ ან უკან ქვედა მალის მიმართ. მალების სტრუქტურა ნორმაშია, ადგილი აქვს დისლოკაციას. განასხვავებენ ამ დაავადების ოთხ ხარისხს. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით უფრო ძლიერია ტკივილი.

რა იწვევს ხერხემლის პრობლემებს?

მჯდომარე ცხოვრების წესი, ხერხემლის პათოლოგიები, ფიზიკური დატვირთვა და ზოგიერთი პროფესიული საქმიანობა - ხერხემლის პრობლემების გამომწვევი მიზეზებია. თუმცა, ზუსტი მიზეზის დასადგენად, შესაბამისი კვლევების ჩატარებაა საჭირო. დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმები მიმართავენ რენტგენოგრაფიას, ელექტრომიოგრაფიას, ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას - გამოკვლევებისა
და მკურნალობის ეტაპი ინდივიდუალურად ინიშნება, პაციენტის პრობლემიდან გამომდინარე. იმისთვის, რომ ხერხემლის ტკივილი შემცირდეს,
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პირველ რიგში, ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ. ხერხემლის პრობლემების პრევენციისთვის აუცილებელია ვარჯიში, ცურვა და ფეხით სიარული. რიგ შემთხვევებში, საკმაოდ ეფექტურია ხერხემლის კორსეტების გამოყენებაც.

ავტორი: ნიუპრესი