|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხუთი თვის ორსული მეუღლე მეჯდა ავტომობილში"

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც  მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს, ბრალდების მხარის მოთხოვნით კვირიკაშვილის მეგობარი დაიკითხა.

გიორგი ლომინაძის განცხადებით, ის ავარიის დროს მერაბ კვირიკაშვილის ავტომობილში იმყოფებოდა. მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტელეფონში იყურებოდა და დეტალები არ იცის, თუმცა აცხადებს, რომ ავტომობილი მშვიდად მოძრაობდა, რა დროსაც რაღაც დაბრკოლების გამო მერაბ კვირიკაშვილმა მანევრი შეასრულა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება.

პროკურორის კითხვაზე, თუ ტელეფონში იხედებოდა, როგორ შეამჩნია დაბრკოლების არსებობა, ლომინაძემ განმარტა, რომ მან ავტომობილის მოძრაობით იგრძნო მანევრირება. პროკურორმა მოწმეს პირველი ჩვენება შეახსენა, სადაც ნათქვამია, რომ ლომინაძეს არ ახსოვდა რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი და თავდაპირველად არ უთქვამს დაბრკოლების შესახებ, ამის გამო პროკურორმა მიიჩნია, რომ განცხადებები არის სხვადასხვა და გამოძიებას აინტერესებს, რომელი ჩვენებაა სწორი. მოწმე განმარტავს, რომ დეტალები შემდგომ გაახსენდა, მაგრამ შინაარსობრივად მისი განმარტებები იდენტურია.

"ავტომობილი მშვიდად მოძრაობდა, ამაში დარწმუნებული ვარ, ხუთი თვის ორსული მეუღლე მეჯდა ავტომობილში და ვიცი, როგორ გადაადგილდებოდა, სულ ერთად ვართ, არასოდეს მერაბს ჩქარა არ უვლია. მე დეტალები მერე გავიხსენე, თუმცა განცხადებები ანალოგიურია", -განაცხადა გიორგი ლომინაძემ.

პროცესზე მხარეები დასაკითხ პირებზე შეთანხმდნენ. სასამართლო სხდომა 30 აპრილის გაგრძელდება.

 შეგახსენებთ, საქმე 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი