გახანგრძლივდება თუ არა შეზღუდვები, ხვალ გადაწყდება
საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს გახანგრძლივდება თუ არა ქვეყანაში უქმე დღეები და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, უქმე დღეებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შენარჩუნების მიზეზი, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი დადებითობის მაჩვენებელი იყოს.
„ხვალ გვექნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც ეხება კოვიდს და მასთან ბრძოლას. დღემდე ვახერხებთ იმას, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ სიტუაცია. მესამე ტალღაა და მას ახასიათებს დადებითობის უფრო მაღალი მაჩვენებელი. პარალელურად მთავარია, რომ წავახალისოთ ვაქცინაცია. თქვენ იცით, რომ ტურიზმის ინდუსტრია ვაქცინაციის თვალსაზრისით პრიორიტეტულია. დავიწყეთ განაცხადების მიღება. საკმაოდ კარგად მიდის პროცესი, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც, ამ დღეებში, მათთან ერთად ვგეგმავ ვაქცინაციას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, უქმე დღეებისთვის განსაზღვრული პერიოდი 12 მაისს იწურება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ეს ვადა გახანგრძლივდეს და შესაბამისად, 12 მაისის შემდეგაც არ განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, არ იმუშაონ ბაღებმა და სკოლებმა და ასევე, არ აღადგინონ მუშაობა სხვა საჯარო დაწესებულებებმა.
ავტორი: ნიუპრესი