ყვარლისა და თელავის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი სესიაშვილი წარადგინეს(R)
ჩვენ უნდა დავამშვიდოთ საზოგადოება, აღარ უნდა იყოს კონფრონტაცია, ერთმანეთთან დაპირისპირება; შეიძლება, ყველა ერთ აზრზე არ ვიყოთ, მაგრამ უნდა არსებობდეს სულისკვეთება საზოგადოებაში, რომ ყველანი ერთად ერთ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყვარელში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ყვარლისა და თელავის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, ირაკლი სესიაშვილი წარადგინა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყვარელი არის საქართველოს მარგალიტი, უმშვენიერესი ადგილი, რომელსაც ყოველთვის გამორჩეული ინტელიგენცია ჰყავდა. გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს პედაგოგი უფრო დაფასებულია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებს, არსებობს „მთის კანონი“, რომლის მიხედვითაც პედაგოგები, ექიმები, ექთნები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეღავათებით სარგებლობენ. „დღეს ჩაყრილია საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოში ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ვმოგზაურობთ საქართველოს ყველა რეგიონში, ვხვდებით ადამიანებს და ჩანს რამხელა განსხვავებაა ქალაქსა და სოფელს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეგიონებში, რაიონებში, სოფლებში იყოს ყველა ინფრასტრუქტურა და ცხოვრების ის კომპონენტები, რომელიც პრაქტიკულად მოშლის განსხვავებას. რა თქმა უნდა, ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავება იქნება, მაგრამ ინფრასტრუქტურულად, ყველაფერი ის, რაც არის ქალაქში, უნდა იყოს ხელმისაწვდომის სოფლად. ჩვენ წამოვიწყეთ უპრეცედენტოდ ამბიციური პროექტი, რომ საქართველოს 2000 დასახლებულ პუნქტში მივიდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, სწრაფი ინტერნეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემისთვის, როდესაც შესაძლებელი გახდება სოფლის სკოლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, ტელეხიდების მეშვეობით, სასწავლო გაკვეთილების ჩატარება. ეს ყველაფერი რეალობაა, დაწყებულია და გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე დღიდან ოთხი წლის თავზე, ჩვენ თვისობრივად ახალი საქართველო უნდა მივიღოთ - საქართველო, რომელშიც იქნება თვისობრივად განსხვავებული განათლების სისტემა, როდესაც პედაგოგი იქნება კიდევ უფრო დაფასებული. ნამდვილად დაიმსახურეს ჩვენმა პედაგოგებმა, რომ ჩვენ ისინი მუდმივად არ ვატეროროთ გამოცდებით, არამედ აქცენტი გადავიტანოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემაში, რათა ახალგაზრდებმა ოთხი წელი არ დახარჯონ იმ სპეციალობებზე, რომლებიც ნაკლებად მოთხოვნადია; არამედ, ყურადღება გამახვილდება და სახელმწიფო რესურსი დაიხარჯება უფრო მოთხოვნად სპეციალობებზე, რათა ადამიანი, უმაღლესი განათლების მიღებისთანავე დასაქმდეს.
„ჩვენ გვექნება პროფესიული გადამზადების პროგრამები არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველასთვის. ჩვენ არც ერთი ადამიანის რესურსი არ უნდა დავკარგოთ, არც ახალგაზრდის, არც შუახნის ადამიანების და არც ხნიერების“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, მთავრობას ასევე კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ უნდა შეუწყოს ხელი კერძო სექტორს. გიორგი კვირიკაშვილმა გამოყო მცირე სასტუმროების წასახალისებელი პროგრამა - „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იქნება, თუ მოგებული თანხა ბიზნესში ჩაბრუნდება; ასევე, 2017 წლის ბოლოდან ამოქმედდება თვისობრივად განსხვავებული საპენსიო სისტემა, ხოლო არსებული პენსიონრების უზრუნველყოფას, მთავრობა ეკონომიკურ ზრდას შეუსაბამებს.
თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი სესიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით რეგიონის პოტენციალზე გაამახვილა.
„ჩვენ დღეს, პირველი რაც შეგვიძლია თქვენ შეგპირდეთ და სიტყვა ვთქვათ, არის ის, რომ უნდა გავერთიანდეთ სიკეთის გარშემო. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საერთო ქვეყნის, უსაფრთხოების, მშვიდობის, სტაბილურობის გარშემო და რა თქმა უნდა, ამ სიკეთემ უნდა მოუტანოს თითოეულ ჩვენთაგანს კეთილდღეობა. ამ რეგიონს და მთლიანად კახეთს აქვს გამორჩეული პოტენციალი თავისი სოფლის მეურნეობის შესაძლებლობებით, ტურისტული შესაძლებლობებით. ყველაფერს თავი დავანებოთ - ეს არის მშრომელი ხალხი და არცერთს არ გვეპარება ეჭვი, რომ ამ რეგიონს, ჩვენს რეგიონებს აქვს ძალიან სერიოზული პერსპექტივები. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მეც თქვენთან ერთად მინდა ვიყო მაქსიმალურად ჩართული ჩემი ენერგიით, ჩემი ძალღონით, ჩემი შესაძლებლობებით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მაქვს და იმაზე მეტს უნდა ელოდეთ, ვიდრე თითოეულ თქვენთაგან წარმოგიდგენიათ“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე თქმით, პატრიოტიზმი ერთგულების გარეშე არ შეიძლება. „ ერთგულება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი, თუმცა სიყვარული პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს და აი ამ პასუხისმგებლობით მოვდივარ. თითოეულ თქვენთაგანს, პირველი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებს. ჩემი პასუხისმგებლობით ვეცდები და გავაკეთებ კიდევაც იმას, რომ, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, ყველა ის სიკეთე, რასაც „ქართული ოცნება“ მთელ ქვეყანას შესთავაზებს, რა თქმა უნდა,ამას მე თქვენთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, ამ ყველაფერს ჩვენს საყვარელ თელავსა და ყვარელს მოვუტან“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
იხილეთ ვიდეო
ავტორი: ნიუპრესი