"ყველა მძღოლი, ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად დაჯარიმდება"
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელის, მარკის და სანომრე ნიშნის იდენტიფიცირებას. შესაბამისად,ყველა ის სანომრე ნიშანი, რომელიც იდენთიფიცირებული იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემთხვევაში, აუციებლად დაჯარიმდება", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ კერძო პირების, სისტემური მიდგომის შედეგად, ყველა მძღოლი ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად იქნება დაჯარიმებული.
"არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ კერძო პირების. სისტემური მიდგომა, გახლავთ ის რომ ყველა მძღოლი ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად იქნება დაჯარიმებული. აამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მძღოლს ჰქონდეს ვალიდური მობილურის ნომერი მითითებული მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში, ან ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რათა დარღვევისას მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება. სხვა შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ფოსტის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ მისამართზე აგზავნის კონკრეტულ ვიდეო ჯარიმას.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არ იბარებს ვიდეო ჯარიმას, ამ შემთხვევაში, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხდება საჯაროდ გამოქვეყნება ამ ჯარიმის. გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს ჯარიმა ითვლება ჩაბარებულად და თითოეულ მძღოლს დამატებით კიდევ 30 დღე აქვს ჯარიმის გადასახდელად. თუ არ იხდის, ჯარიმის ოდენობის ორმაგი რაოდენობის საურავი ედებათ და ამიტომ საჭიროა ვალიდური მობილური ტელეფონის ნომერი ჰქონდეთ მითითებული.
ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი 6 თვეა არსებობს, სისტემა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე იქნა დანერგილი არის საკმაოდ ეფექტური, გვაქვს მზარდი ტენდენცია აღსრულების ნაწილში. ყველაზე მთავარი ჩვენთვის რაც არის, გვინდა მაქსიმალურად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმირებული.
ყველა მოქალაქეს და მძღოლს სამოქალაქო ვალდებულება უნდა ჰქონდეს, იმის რომ აუცილებლად გადაამოწმოს ამ ტიპის ინფორმაცია. შინაგანი მოწოდება უნდა ჰქონდეს, რომ არ დაარღვიოს საგზაო უსაფრთხოების წესები და თავიდან აირიდოს კონკრეტული ფოტო-ვიდეო ჯარიმა. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი თავის მხრივ აუცილებლად გააგრძელებს, ინტენსიურ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით რათა გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოების დონე ქვეყნის მასშტაბით,“-განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა.
ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.
ავტორი: ნიუპრესი