|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველა სკოლა ქუთაისის ბიუჯეტიდან 50 000 ლარით დაფინანსდეს"- გიგა შუშანია

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია საკრებულოს წევრებს  ინიციატივის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს, რომელიც ქალაქის საჯარო სკოლების ბიუჯეტიდან დამატებით 50 ათასი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს. 

ინიციატივა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილს შეადგენს, მაგრამ ახლა საკითხის გააქტიურება არასრულწლოვნებში ძალადობრივი ფაქტების ზრდას უკავშირდება.

შუშანიას განცხადებით, ძალადობრივმა ფაქტებმა სისტემატური ხასიათი მიიღო და შესაძლოა კიდევ განმეორდეს. სკოლების უმრავლესობის გარე პერიმეტრი არ კონტროლდება, ბევრ სკოლას  სახსრები არათუ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, არამედ ელემენტარული საკითხების მოსაგვარებლად არ ყოფნის. 


"მოვუწოდებ ქ.ქუთაისის საკრებულოს ყველა წევრს, მხარი დაუჭიროს ჩვენი ფრაქციის ინიციატივას, ყველა სკოლა ქუთაისის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს 50 000 ლარით, რომელიც სკოლების უსაფრთხოებას და იმ საკითხების მოგვარებას მოხმარდება, რომელსაც პედაგოგიური და მშობელთა საბჭოები თვითონ გადაწყვეტენ. სამწუხაროდ, ქ.ქუთაისის მერიამ უარი განაცხადა ამ თანხის გამოყოფაზე.
კოლეგებო, მოგიწოდებთ გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური უთანხმოება და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი შვილების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და განათლებას, ერთად ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე, ყველამ მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას და ერთად გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება. მარტო წუხილი, ვიშვიში ამ საქმეს ვერ უშველის. აუცილებელია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენთაგანმა აიღოს, ვინაიდან უმოქმედობას და დამკვირვებლის როლში ყოფნას მომავალი თაობა არ გვაპატიებს. არ არსებობს იმაზე დიდი პრიორიტეტი, ვიდრე ამ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. იმედი მაქვს კოლეგების გულისხმიერების", -აცხადებს გიგა შუშანია. 

ქუთაისში 38 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, სკოლებისთვის ბიუჯეტიდან 1 900 000 ლარი გამოიყოფა.

 ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის საკრებულომ 11 დეკემბერს მიიღო. ბიუჯეტის პროექტის განხილვა დეკემბრის ბოლო რიცხვებში მოხდება.

ავტორი: ნიუპრესი