ძალადობის - 7 და ზეწოლა-მუქარის - 24 ფაქტი - "სამართლიანმა არჩევნებმა" მეოთხე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13; არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კაპმანიაში მონაწილეობის - 8; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში. ამგვარია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიშში ასახული ძირითადი დარღვევები.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დურექტორის ელენე ნიჟარაძის განცხადებით, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩეველზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლა, მუქარა და ხელის შეშლა.
"ამგვარი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აზიანებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. ერთი მხრივ, ართულებს პოლიტიკოსების დაუბრკოლებელ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვასა და განხორციელებას. ასევე, გამოწვევად რჩება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომელთა რაოდენობა იმატებს საარჩევნო პროცესების გააქტიურებისა და არჩვნების დღის მოახლოებასთან ერთად. უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტებზე დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირთა დასჯა"- განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
ანგარიშში მოხვდა, 28 სექტემბერს, სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტზე თავდასხმა. მას სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. დაზარალებულს თავდამსხმელი არ დაუნახავს. ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ.
ასევე 27 სექტემბერს, ბოლნისში, მმართველი პარტიის და „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატების წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, იქ მყოფმა რამდენიმე პირმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ასევე, ოპოზიციონერი კანდიდატის, ოქრიაშვილის თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდამჭერები ჰაერში ისროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდანაც. მიგვაჩნია, რომ ბოლნისისა და დმანისის ოლქში შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. აუცილებელია სამართალდამცავებმა დროულად და ობიექტურად გამოიძიონ მომხდარი ძალადობის ფაქტები, ხოლო პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა უარი თქვან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ.
ზუგდიდში, „ლელოს“ წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ფეისბუქზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ,,ლელოს’’ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი მანკიერ პრაქტიკად იქცა.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ. იგი თანაგუნდელის ვინაობის შესახებ მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო არ საუბრობს. ქალი ოპოზიციონერების მიმართ ამგვარი შანტაჟის შემთხვევათა გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატურად დასჯა საგამოძიებო ორგანოთა პრიორიტეტი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდაჭერის განცხადებები ფორმალურ, უშინაარსო ლოზუნგებად დარჩება.
რამდენიმე მინიციპალიტეტში, ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ადგილი აქვს მხარდამჭერებზე ზეწოლას და მათი გადაბირების მცდელობებს. პოლიტიკოსთა განცხადებით, ამის გამო მათ უჭირთ ადგილზე კადრების მოძიება, ხოლო მათი მხარდამჭერები და წარმომადგენლები უარს ამბობენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მიუთითებენ მათი ლიდერებისა და წევრების მიმართ განხორციელებულ თვალთვალზე, მათ შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებაზე, რაც უხერხულობას უქმნის მათ მხარდამჭერებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად რჩებიან და ხშირია მათი საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, უმეტესად, კი მმართველი პარტიის მიერ. აქედან გამომდინარე, ხდება მათზე ზეწოლაც. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა, საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად, ისაუბრა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მხრიდან სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ბოლო პერიოდში, არაერთ დირექტორს ტელეფონზე ანონიმურად უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ თავი დაანებონ აქტივობას და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რადგან „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლისას, ისინი არ დარჩებიან თანამდებობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს რამდენიმე სკოლის დირექტორმა, ანონიმურად დაუდასტურა, რომ კოლეგებისგან სმენია ასეთი ფაქტების შესახებ.
კვლავ დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტები.
საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისები. ახალარჩეულ კომისიის წევრების ნაწილში იკვეთება მმართველ პარტიასთან კავშირი. ზოგიერთი წევრის ახლობელი, ოჯახის წევრი პარტიის აქტივისტი ან კოორდინატორია. საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ საჯარო მოხელეები, მერიის ან საკრებულოების, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ააიპების თანამშრომლები.
,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირები შვებულებაში არიან. მართალია, ზემოაღნიშნული პირდაპირ დაარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ამ პირთა მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვს აჩენს.
ორგანიზაცია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას გამოვლენილ ფაქტებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ასევე მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავი შეიკავონ და არ დაუშვან ასევე მათი მხარდამჭერების მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელება.
ანგარიში მოიცავს 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
ავტორი: ნიუპრესი