|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია ამ პერიოდში გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებით"- ბესიკ ბრეგაძე

 ქუთაისში პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლების ზრდას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბესიკ ბრეგაძე ადგილობრივი ხელისუფლების ცვლის საკითხს უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ ქონებების გასხვისებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

„ჩემი აზრით, მოასწრეს რაღაც-რაღაცეები, კონკრეტული სახელი და გვარი თქვან,  რომელი ინვესტორი შემოვიდა ქუთაისში და რა ინვესტიცია განახორციელა, არ ვამბობ, 300 და 400 ათასის ქონება რომ გაიყიდა. ქონება ბევრმა იყიდა, მაგრამ დაასაწყობა.  რეალურად, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია იმ ქონებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ პერიოდში გასხვისდა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, მე როგორც ვიცი, სამართალდამცველებიც არიან დაინტერესებული ამ საკითხებით",- განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

მისი თქმით, მისი მერობის პერიოდში პრივატიზების გეგმა 4 მლნ-ის ფარგლებში იყო, თუმცა მის მიერ შედგენილი გეგმა შოთა მურღულიამ დაიწუნა, ახლა კი გამოჩნდა, რომ იმ გეგმის შესრულება შესაძლებელი იყო.

"2013 წლის ბიუჯეტში ჩემს მიერ ჩადებული პრივატიზების გეგმა ბატონმა შოთამ არარეალურად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ბიუჯეტი კრახისთვის იყო განწირული, რადგან ამ გეგმის შესრულება ქუთაისისთვის შეუძლებელი იყო. დღეს კი მერია ამბობს, რომ უფრო მეტი თანხის მობილიზებაც ყოფილა შესაძლებელი. მე როგორც მახსოვს 4 მლნ-ს ფარგლებში მქონდა გეგმა დატოვებული და სავსებით შესაძლებელი იყო იმ გეგმის შესრულება, მაგრამ მაშინ ქალაქის მერმა ის ბიუჯეტი არარეალისტურად შეაფასა"-განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, პრივატიზების მიზანი ინვესტიციის შემოსვლა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს და არა ბიუჯეტში თანხების ერთჯერადი მობილიზება. 

შეგახსენებთ, ქუთაისში 2017 წლის ათი თვის მონაცემებით, 5 653 459 ლარის ქონება გაიყიდა. 

რაც შეეხება ბესიკ ბრეგაძეს, მას  2013 წელს ქუთაისის მერის პოსტი იმპიჩმენტის შედეგად დაატოვებინეს, რაც დაკავშირებული იყო ხელისუფლების ცვლასთან. რამდენიმე თვის შემდეგ მერის მოვალეობის შემსრულებლად "ქართული ოცნების" მიერ შოთა მურღულია დაინიშნა. 

 

 საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით ბესიკ ბრეგაძემ "ნიუპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ავტორი: ირინა მაკარიძე