|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქვეყნის სირცხვილია, როდესაც ხელოვანი ადამიანები მსგავსი პრობლემების წინაშე არიან"

ბოლო დღეებში მსახიობების შრომის ანაზღაურების თემა საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა. 

საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი" ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობს, პოეტ გიორგი შალამბერიძეს ესაუბრა. 

-გიორგი, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქუთაისში?

-ძალიან ცუდია, რომ ხელოვან ადამიანს ამ თემაზე საუბარი უწევს.  როდესაც პრობლემაზე იწყება საუბარი, ყოველთვის  თბილისზე ხდება აქცენტირება და რეგიონები არც ახსოვთ,  სადაც პრობლემა, შესაძლოა, გაცილებით მწვავე იყოს. ჩვენს სფეროში, ძალიან დიდი ღვაწლი და შრომაა საჭირო იმისთვის, რომ რაღაც შედეგამდე მიხვიდე. როგორ უნდა განვითარდეს კულტურა, როდესაც სახელმწიფო აბსოლუტურად გაუგებარ გადაწყვეტილებას იღებს, - გვიმცირებს  დაფინანსებას. 

-ანუ თვლით, რომ თეატრში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა ?

-დღესდღეობით, თეატრში მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით, გაუარესდა. მართალია, ხელფასი რაც გვქონდა, შეგვინარჩუნდა, მაგრამ თეატრს არ აქვს სადადგმო ფინანსები. როდესაც საკუთარი ჯიბიდან აფინანსებ საკუთარ თავს, გიწევს გრანტის მოძიება, დადიხარ კარდაკარ,  როგორ შეიძლება ამის შემდეგ ისაუბრო ხარისხზე, როგორ უნდა იყოს უკეთესი მდგომარეობა, როგორ უნდა განვითარდეს თეატრი?!   ყველაზე მეტად რამაც გამაღიზიანა, არის მოსაზრება, რომ კულტურა დღეს არ არის პრიორიტეტული, აბა რა არის პრიორიტეტული?

ეს არის სფერო, რომელიც აერთიანებს სინთეზში მწერლობას, ფერწერას, მუსიკას, ქორეოგრაფიას, მსახიობის ოსტატობას, რეჟისურას, ძალიან ბევრ დარგს და თუ ეს არ არის პრიორიტეტი, მაშინ რა არის პრიოტიეტული?  ვის სჭირდება ისეთი ქვეყანა, რომელიც არ არის მობილიზებული კულტურული განვითარებისთვის? ყველა ძლიერი სახელმწიფოს  არსებობის საფუძველი არის განათლება, კულტურა. ეს ყველაფერი აისახება თეატრის მუშაობაზე.

 -გამოსავალს რაში ხედავთ ?

-ჩემი აზრით, საღად უნდა დაფიქრდნენ სამინისტროში და გადაანაწილონ ხარჯები ისე, რომ საკუთარ კულტურას მეტი ყურადღება მიექცეს. უცხოური  ჯგუფებისა და  მსახიობების ჩამოყვანაში მილიონების გადახდას, სჯობს საკუთარის დაფასება. ჯერ იმ ხალხს ვცეთ პატივი, ვინც ამ ქვეყანაში კულტურა შექმნა და არ გვყავდეს ხელოვანი ადამიანი სახლში გამოკეტილი და მშიერი.  არის კატეგორია, ვინც თეატრში მუშაობს და ვერ ვიტყვი, რომ საამაყო ხელფასი აქვს,  მაგრამ უარეს მდგომარეობაშია ბევრი  ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც აბსოლუტურად გარიყული არიან საზოგადოებიდან.  პრობლემა მხოლოდ  თეატრს არ უკავშირდება.  ქვეყნის სირცხვილია, როდესაც ხელოვანი ადამიანები მსგავსი პრობლემების წინაშე არიან. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა