ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება - სალომე ზურაბიშვილი
ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
პრეზიდენტის თქმით, ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს.
„არ შეიძლება, რომ არ ვთქვა, ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ არის რამე მტკიცებულებები საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან ერთი-ერთზე საუბარი გაიმართოს ამის შესახებ და არა ტელევიზიებისა და მედიის საშუალებით განცხადებები. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბოლო დროს, კელი დეგნანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც "ოცნებას" ე.წ. ტრიო გამოეყო. ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის საერთო და ინდივიდუალურ განცხადებებში სწორედ დეგნანისა და ზოგადად აშშ-ს საწინააღმდეგო გზავნილები იკითხება.
დღეს კი ეს კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ჩხიკვაძის აღიარებითი განცხადება გავრცელდა. "ოცნება" და მისი პარტნიორი პოლიტიკოსები აშშ-ს საელჩოს ამჯერად მართლმსაჯულებაში ჩარევაში სდებენ ბრალს.
ავტორი: ნიუპრესი