|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა მახათაძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ [VIDEO]

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახაბერ მახათაძის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე საუბრობენ ზესტაფონში. 

 ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახაბერ მახათაძემ ამომრჩევლის სახლის გადასახურად მასალა გაუგზავნა. დამოუკიდებელი კანდიდატი შესაბამის  ვიდეო მასალასაც ავრცელებს.

"კახა მახათაძე მის ძმასთან ერთად მივიდა კვალითში, გაბრიჭიძეების ოჯახში და მიუტანა სახლის გადასახური მასალა. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, რადგან კანონით 100 ლარზე მეტი ღირებულების ქონების გადაცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული,  მოვითხოვთ დაიწყოს საქმის გამოძიებას", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

მისი თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საოლქო კომისიაშ განცხადება შეაქვთ.

გიორგი გოგლიჩიძე „ოცნებისგან“ კახაბერ მახათაძისგან კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. 

 "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე საუბრობს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარეც.

დავით მაღრაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში დაფიქსირდა ფაქტი, თუ როგორ აწვდის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე ამომრჩეველს სახლის გადასახურავ მასალას.

მაღრაძის განცხადებით, ის "ქართული ოცნების" წევრი იყო, თუმცა ამჯერად დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს მხარს. 

ბრალდებას არ ადასტურებს კახა მახათაძე, რომლის განცხადებითაც, მან არც კი იცის, რაზე საუბრობს გიორგი გოგლიჩიძე.

"მე არ ვიცი,  რაზე საუბრობს გიორგი გოგლიჩიძე, რა გადასახურ მასალაზეა საუბარი, მე არჩევნებამდეც ბევრგან მიმიტანია მასალები და ბევრი ქველმოქმედებაც გამიკეთებია, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" კანდიდატად დავსახელდი, ხელფეხშებოჭილი ვარ და ვერაფერს ვაკეთებ ამ მხრივ. მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, თუ იმ ვიდეოზე საუბრობს გოგლიჩიძე, რაც გავრცელდა, იმ ვიდეოში ჩანს,  თუ რატომ არ ქონდა ამ ოჯახს გადასახური მასალა და ამაზე პასუხს სცემს გამგეობის წევრი და მე ხმაც არ ამომიღია. არც დრო მაქვს ასეთი ამბების გასაცნობად, რადგან ყველაზე გვიან ჩავერთე მე ამ კამპანიაში და არც სურვილი, ვუპასუხო ამ ბრალდებას, სადაც უნდათ,  იქ იჩივლონ", -განაცხადა "ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატმა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი