„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ქალთა საჭიროებების გამოვლენა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში მოხდა. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროექტის მიზანია ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენა მიზნად ისახავდა აღნიშნულ საჭიროებებზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ინფორმირებას, რათა მათი მხრიდან მოხდეს ქალთა საჭიროებების საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინება, არჩევის შემთხვევაში კი, ამ საჭიროებებსა და პრობლემებზე მუშაობა.
ქალთა საჭიროებების დადგენისათვის, ჟურნალისტმა ქსელმა 2017 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოს 8 რეგიონში 72-ზე მეტი შეხვედრა და დისკუსია გამართა. მოკვლევაში მოცემულია 4 თვითმმართველი ქალაქის და 10 მუნიციპალიტეტის მონაცემები. დისკუსიებში მონაწილოება სხვადასხვა სოციალური ჯგუფის 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.
განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის, ბოშათა თემის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დევნილი და სოფლადმცხოვრები ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენაზე.
შეხვედრებს ხელმძღვანელობდნენ ჟურნალისტთა ქსელის წარმომადგენელები და გენდერის მედია ცენტრების დირექტორები, რომლებიც ასევე ახდენდნენ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ქალთა საჭიროებებზე, ქალთა უფლებებზე და ქალების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე.
მოკვლევის დაწყებამდე, პოლიტიკური პარტიების ცნობიერების, დამოკიდებულებებების, საარჩევნო პროგრამებში ქალთა საკითხების გაცნობის მიზნით პროექტის საწყის ეტაპზე, განხორციელდა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, არჩევნებამდე 2 თვით ადრე პარტიებს საარჩევნო პროგრამები არ ჰქონდათ მზად და ქალთა საჭიროებების შესახებაც არ გააჩნდათ ანალიზი მომზადებული. https://uploadfiles.io/5ze6t ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ.
ავტორი: ნიუპრესი