ზვიად შალამბერიძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.
გაცნობითი სახის შეხვედრაზე მხარის გუბერნატორი ელჩს რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო გარემოსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე.
„მადლობა, რომ დაინტერესდით იმერეთით, თქვენი სტუმრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვაფასებთ ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. პარტნიორი ქვეყნების დახმარებით საქართველოში და კერძოდ, ჩვენს რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმერეთში, ბოლო პერიოდში 70 000 000-მდე ღირებულების პროექტები დაფინანსდა. პროცესი გრძელდება და საქართველოს მთავრობის გვერდით დგომით 2024 წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არის დაგეგმილი. გარდა ამისა, იმერეთი თერმული წყლების სიმრავლითაც გამოირჩევა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვუმასპინძლებთ ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, ეს არის საუკეთესო საშუალება ინვესტიციების მოზიდვის“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მხარეებმა შეხვედრაზე მომავალში ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
ავტორი: ნიუპრესი