|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის საძირკველიც მესამე წელია შენდება

ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა განახლდა– ფოტოებს სოციალურ ქსელში  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მუხნარის ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს. ამ დროისთვის ადგილზე საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია  ამჯერადაც  საზოგადოების განხილვის მიზეზი გახდა. საზოგადოების პესიმისტურად განწყობილი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამუშაოები საარჩევნოდ დაწყებული პიარის ნაწილია, ოპტიმისტურად განწყობილ ნაწილში პროექტს რეალურად მიიჩნევენ. 

ფაქტი კვლავ საარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნიათ ოპოზიციაში.  აღსანიშნავია ისიც, რომ გააქტიურდა ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხი. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი  არაერთხელ დასახელდა საპარლამენტო ქალაქის სტატუსის საპირწონედ.  ოპოზიცია თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეით ცდილობენ  ქუთაისელებს საპარლამენტო დედაქალაქი სტატუსი წაართვან. 

პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი თვლის, რომ ამ თემის გააქტიურება საარჩევნოდ ხდება. მისი თქმით,  აშენდება თუ არა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მესამე ცდაზე, ერთად ვნახავთ.

"ქუთაისი არ არის ცალკე კუნძული, ისიც ამ ქვეყნის ეკონომიკის ნაწილია, რომლის უდიდესი ნაწილი დედაქალაქშია კონცენტრირებული.  ნებისმიერი დაპირება, რომ პროექტი ქუთაისში რამეს რადიკალურად შეცვლის, იქნება ფარსი. რაც შეეხება ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ამ თემის გააქტიურება პერიოდულად წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, ამჯერად აშენდება თუ არა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მესამე ცდაზე, ერთად ვნახავთ", -განაცხადა თემურ ცამციშვილმა. 

ცოტა ხნის წინ დაწყებულ მშენებლობას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად თვლის პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაიაც.  ის ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივი ხარჯვაში ადანაშაულებს.

"საარჩევნო კამპანიის ნაწილად აქციეს და ყოველ წელს იწყება მშენებლობა. წელსაც ამიტომ გააქტიურდნენ, ამას დაემატა პარლამენტის გადატანის თემა. მილიონობით ლარს გადაყრიან წყალში, მერე ისევ მიატოვებენ სამუშაოებს. ვურჩევ ამ ხელისუფლებას, თავი დაანებონ სულელურ პროექტებს და მიხედონ მუხნარის ტყეს, რომელიც ნადგურდება. ის ტბა, რომელიც ამოაშრეს, დააბრუნონ, მოაწყონ ინფრასტრუქტურა და ბავშვებს გაუკეთონ რეკრეაციული ადგილი, სადაც მივლენ და არ გაიპარებიან მდინარე წყალწითელაზე,  რომელშიც უამრავი ბავშვი დაიხრჩო.  ეს არის მთავარი და რაღაც აბსურდში თანხას ნუ ყრიან", -განაცხადა გოგი წულაიამ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი გია გოქაძე აცხადებს, რომ ძნელად პროგნოზირებადია, აშენდება თუ არა  უნივერსიტეტი, თუმცა აცხადებს, რომ მოსახლეობა უკვე მიხვდა, რისთვის იყენებს "ქართული ოცნება" უნივერსიტეტის თემას. 

 "პარლამენტის თბილისში გადატანიდან მომდინარე მწვავე რეაქციამ აიძულა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, საუბრები დაეწყოთ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე, რომელიც ყოველთვის აქტიურდებოდა არჩევნებამდე სამი- ოთხი თვით ადრე. ახლაც საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და ისევ ხდება ამ თემის წინ წამოწევა. თუ ჩვენ ოდნავ უკან მოვიხედავთ, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ მოექცა იგივე ივანიშვილი ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებას, ან რა ტერორის ქვეშ ამყოფებდა "თავისუფალ უნივერსიტეტს" და მისი დამფუძნებელ კახა ბენდუქიძეს, რომელიც საბოლოოდ აიძულეს, გასცლოდა ქვეყანას. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მომენტში ძნელია იმის პროგნოზირება, აშენდება თუ არა ეს უნივერსიტეტი, მაგრამ ერთი კი თვალნათელია, - ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხი ქცეული არის პოლიტიკური სპეკულაციის საგნად ბიძინა ივანიშვილის მიერ. ამას ყოველივეს კი არაფერი საერთო არ აქვს საგანმანათლებლო სისტემასთან. მოსახლეობა კი მშვენივრად მიხვდა, თუ რისთვის იყენებს "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს", - აცხადებს გია გოქაძე. 

უნივერსიტეტის მშენებლობა რამდენჯერმე დაიწყო და ამდენჯერვე შეჩერდა. ქრონოლოგიურად კი მშენებლობის ისტორია ამგვარია:

"ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს"– ამ დევიზით მოწოდებები ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში არ იარსებებდა და ის თბილისში შეძლებდა მუშაობას. იმ დროისთვის ქუთაისელი ახალგაზრდების აქტიურობით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში გახსნისკენ მოუწოდებდა. მრავალჯერადი მცდელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში იმუშავებდა. ყოფილი პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, მშენებლობა 250 მილიონი ევრო დაჯდებოდა. 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტზე აქტიურად საუბარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო. რა დროსაც ქუთაისში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა მაღალჩინოსნების თანდასწრებით მუხნარის ტყეში სიმბოლურად სამშენებლო კაფსულაც ჩაუშვა და უნივერსიტეტის სამუშაოები ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნებოდა გათვლილი.

საარჩევნო პერიოდის ჩავლის შემდეგ ნელ–ნელა შეწყდა მშენებლობაზე საუბარი. "ქართუ ჯგუფში" სამუშაოების შეჩერებას არ ადასტურებდნენ და აცხადებდნენ, რომ ჯერ უხილავი სამუშაოები მიმდინარეობდა, რაც მშენებლობის პარალელურად, სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას გულისხმობდა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით,  "ქართუმ" მძიმე ტექნიკა შეიძინა.

სამუშაოებზე საუბარი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ განახლდა. "ქართუს" პროექტების ხელმძღვნელი ვახტანგ ცაგარელი აცხადებდა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში გეოლოგიური სამუშაოების ბოლო ეტაპი განხორციელდა და ადგილზე ხილული სამუშაოები სექტემბერში დაიწყებოდა. 

პარალელურად, 2017 წელს მთავრობის  სხდომაზე, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი აიპის სტატუსით დაფუძნდა და მართვის ორგანოების არჩევამდერექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლება-მოვალეობებ განისაზღვრა. შესაბამისად, არაშენებულ უნივერსიტეტს ყავდა რექტორი და რექტორატი, რომლის შენახვაშიც ბიუჯეტი მილიონ 118 000 ლარამდე ხარჯავდა. 

მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა მშენებლობის დაწყების თარიღი, მშენებლობა ხან სექტემბერში, ხანაც მარტში და ხანაც მაისში იწყებოდა. შეცვლილი თარიღის პარალელურად იცვლებოდა ადგილზე აქციის მომწყობთა ვინაობა. მუხნარის ტყეში აქცია სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიამ გამართა. ოპონენტები  ხელისუფლებას ფულის წყალში გადაყრაში ადანაშაულებდნენ.

2017 წელს ადგილზე ქვაბულის ამოთხრა მოხდა, მას შემდეგ მშენებლობა შეჩერდა და რამდენიმე დღის წინ განახლდა. ამჯერად საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობა  არსებული ინფორმაციით მალე დასრულდება, რადგან განათლების მინისტრის ინფორმაციით, 2019 წლიდან უნივერსიტეტი სტუდენტთა ნაკადს მიიღებს.   უნივერსიტეტის რექტორის თემურ მურღულიას ინფორმაციით, ცნობილია ფაკულტეტები, რომლებიც უნივერსიტეტში თავდაპირველად გაიხსნება. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა